სამართალი

ბუტა რობაქიძის დედა: ცოცხლად დამმარხეს

19 თებერვალი, 2013 • • 4193
ბუტა რობაქიძის დედა: ცოცხლად დამმარხეს

ია მეტრეველი ფალსიფიკაციას  და თავის გადარჩენის მცდელობას უწოდებს ირაკლი ფირცხალავას მიერ ამ ვიდეოს გავრცელებას.

ბუტა რობაქიძე
ბუტა რობაქიძე

ვიდეოკადრები, რომელზეც ბუტა რობაქიძის მკვლელობაა ასახული, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ დღეს, 19 თებერვალს პროკურატურას  და ჟურნალისტებს გადასცა. ბუტა რობაქოძის დედა ამბობს, რომ ეს კადრები დამონტაჟებულია და პროკურატურას სასწრაფოდ მის ექსპერტიზას და დამნაშავეების დასჯას თხოვს. მან ასევე უკმაყოფილება გამოთქვა “რუსთავი 2-ის” მიერ ამ კადრების გავრცელების გამო.


“რამდენჯერ შეიძლება გამანადგურონ ამ ავაზაკებმა. ცოცხლად დამმარხეს. მერამდენედ შეიძლება ასე მომექცნენ?” – განაცხადა ია მეტრეველმა და ამაში იგულისხმა “რუსთავი 2 -ის” მიერ ამ კადრების გავრცელება და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მას ეს კადრები ეთერში გაშვებამდე არ ანახეს. მისი თქმით, მან ამ კადრების გავრცელების შესახებ დღეს ქუჩაში შეიტყო და თავის დროზე ის ფაქტი, რომ შვილი მოუკლეს, ასევე “რუსთავი 2-ის” ეთერიდან გაიგო და ამ ტელეარხმა მისი შვილი “ყაჩაღად” მოიხსენია.

ბუტა რობაქიძის მეგობარმა ირაკლი მიქაბერიძემ განაცხადა, რომ იარაღი არ ჰქონიათ და იმ დღეს არანაირ ინციდენტში არ მონაწილეობდნენ. მისი თქმით, ქალაქში მთელი დღე მანქანით მოძრაობდნენ: “თუ ავტომანქანა ძებნაზე იყო გადაცემული, რატომ მანამდე არ გაგვაჩერეს”.

 

ირაკლი ფირცხალავამ 19 თებერვალს,  კადრების გავრცელებასთან ერთად, განაცხადა, რომ  პირები, რომლებიც სპეცოპერაციის დროს დააკავეს, ბუტა რობაქიძის მეგობრები არ იყვნენ, რობაქიძ მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს იცნობდა და ისინი მონაწილეობდნენ დინამოს სტადიონთან მომხდარ ინციდენტში, რის გამოც მათი ავტომანქანის დაკავების ბრძანება იყო გაცემული.

 

გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ავტომანქანიდან პოლიციელები იარაღას იღებენ. “რატომ არ გაასაჯაროვეს აქამდე ვიდეომასალა” – ეს კითხვა აქვს მოკლული ბუტა რობაქიძის დედას.  მეტრეველი და ბუტა რობაქიძის მეგობარი ვახტანგ კომახიძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ. ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა: “ზაფხულში ცნობილი გახდა ჩემთვის, რომ ვახტანგ კომახიძის სახელით რაღაც ჯგუფი თბილისში სარფიანად აპირებდა გაეყიდა ეს კადრები. მაშინ მე ყურადღება არ მივაქციე ამას. მე მოვიპოვე ეს კადრები, უმძიმესი კადრები და მოვიტანე პროკურატურაში. არ ვენდობი მათ და არ ვიცი, რა ბედი ეწევა მათ.”

 

ია მეტრეველი და ირაკლი მიქაბერიძე დარწმუნებული არიან, რომ კადრები გურამ დონაძეს ჰქონდა და ამას ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძესთან არავითარი კავშირი არა აქვს. მათი თქმით, კომახიძე პირველი ჟურნალისტი იყო, რომელმაც ამაზე ფილმი მოამზადა და რატომ და ვისთვის უნდა მიეყიდა ეს კადრები ამდენი წლის მერე, ლოგიკას ვერ ხედავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი