სამართალი

კბილაშვილი: ეს ვიდეომასალა საშუალებას მოგვცემს, რომ ჭეშმარიტება იქნას დადგენილი

19 თებერვალი, 2013 • 1134
კბილაშვილი: ეს ვიდეომასალა საშუალებას მოგვცემს, რომ ჭეშმარიტება იქნას დადგენილი

“უპირველესად დავადგენთ ვიდეომასალის ნამდვილობას, ხოლო თუკი ის ნამდვილი არის, შევადარებთ გამოძიების შედეგად დადგენილ ფაქტებს და იმის მიხედვით, თუ აცდენა არის გამოძიებაში, მოხდება შესაბამისობაში მოყვანა ამ ვიდეომასალის გათვალისწინებით და, ზოგადად, ეს ვიდეომასალა საშუალებას მოგვცემს, რომ ჭეშმარიტება იქნას დადგენილი, რაც ჩვენი მიზანი არის,” – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” სატელეფონო საუბარში.

 

 

კბილაშვილის თქმით, მას გაუჭირდება პროგნოზირება, თუ როდის დაადგენს ექსპერტიზა ვიდეომასალის ავთენტურობას:

 

“მაგრამ ჩვენი მხრიდან ძალღონეს არ დავიშურებთ, რომ სწრაფად იქნას გავლილი ეს გზა. წინასწარ ვერანაირ პროგნოზირებას ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მოხდება შედარება და ზუსტად ის ითქმება, რაც დადგინდება: თუ გამოირკვევა, რომ ცრუ ჩვენებაა მიცემული, ერთიდან ათის ჩათვლით, ყველას, ვინც ეს გააკეთა, გამოვამჟღავნებთ”, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

 

კბილაშვილის თქმით, ბუტა რობაქიძის საქმის ხელახალმა გამოძიებამ და თემის გამწვავებამ შედეგად მოიტანა ის, რომ “სადღაც მიმალული ვიდეომასალა და ვიღაცებთან მქონე მასალები უკვე დღის სინათლეზე გამოვიდა, ეს არის აქ მნიშვნელოვანი, რომ ამ გამწვავებამ სიმართლისკენ უფრო დიდი ნაბიჯებით წაგვწია წინ. რა შედეგიც დადგება, ვისი პასუხისმგებლობაც მას მოჰყვება, ზუსტად ის დაისჯება და ის იქნება პასუხისგებაში მიცემული”.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ფირცხალავას მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა გავრცელდა ტელევიზიებით, რომელზეც ასახულია ბუტა რობაქიძის მკვლელობა 2004 წლის 23 იანვარს. აღნიშნული ვიდეომასალა დღესვე ფირცხალავამ მიაწოდა პროკურატურასაც, სადაც ის დაიკითხა. ფირცხალავას მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია, რომ მანქანიდან, რომელშიც ისხდნენ ბუტა რობაქიძე და სხვა პირები, მათი დაკავების შემდეგ იღებენ ავტომატს, ასევე, კადრში აჩვენებენ პისტოლეტს, რომელიც, როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელები აცხადებენ, ეკუთვნის დაკავებულებს.

 

მთავრობის ცვლილების შემდეგ განახლებული გამოძიების მასალებით კი, ბუტა რობაქიძესა და მის მეგობრებს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ დაუდეს სამართალდამცავებმა იარაღი, რაც მათ პოლიციის მაღალჩინოსნების მითითებით ჩაიდინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი