სამართალი

რობაქიძის საქმეზე ბრალი შსს–ს რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს წაუყენეს

8 თებერვალი, 2013 • • 2800
რობაქიძის საქმეზე ბრალი შსს–ს რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს წაუყენეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, დადგენილია, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის ღამეს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე, ხოლო ბუტა რობაქიძის თანმხლები ახალგაზრდები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ყალბი ბრალდებით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 

“2005 წლის 29 დეკემბერს უდანაშაულო ახალგაზრდების მიმართ ყალბი ბრალდებით შედგენილი სისხლის სამართლის საქმე

ბუტა რობაქიძე
ბუტა რობაქიძე

გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც საქმე 7 წლის განმავლობაში არ განიხილა და საბოლოოდ ახალგაზრდები ბრალდებისაგან მხოლოდ მას შემდეგ გათავისუფლდნენ, როდესაც საქართველოს პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ 2012 წლის დეკემბრში ახალგაზრდებს ბრალი მოუხსნა.

 

აღნიშნულის პარალელურად, 2006 წლის 15 აგვისტოს თბილისის პროკურატურაში  დაიწყო გამოძიება ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებათა გაყალბების ფაქტზე. საქმის აღძვრა იმთავითვე ატარებდა ფორმალურ, თავლთმაქცურ ხასიათს, გამიზნული იყო გარდაცვლილის  ოჯახის წევრთა თვალის ასახვევად და საზოგადოებრივი პროტესტის ჩასაცხრობად. ამის დასტურია ის, რომ საქმის აღძვრის შემდეგ საქმე თაროზე შემოდეს და 6 წლის მანძილზე არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაატარეს”, – აცხადებს მთავარი პროკურატურა.

 

მთავარი პროკურატურის ცნობით, 2012 წლის 12 ნოემბერს გამოძიება განახლდა. დადგინდა, რომ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტური იყო. გამოძიება ცდილობდა არა რეალური სურათის დადგენას, არამედ არსებული ხელისუფლების სურვილის დაკმაყოფილებას, რათა არ მომხდარიყო საპატრულო პოლიციის იმიჯის შელახვა. საქმეზე  ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ბუტა რობაქიძის მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ: თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს  უფროსის მოვალეობის შემსრულებლი – ზურაბ მიქაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  უფროსი – გურამ დონაძე, თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს  უფროსი – დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს  უფროსი – ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი – ალექსანდრე გვაზავა , თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს  უფროსი – ლევან გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი – ზაზა ბაქრაძე. 


“აღმოაჩინეს რა, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ზურაბ  მიქაძემ,   ზაზა ბაქრაძემ, გურამ დონაძემ,  ირაკლი ფირცხალავამ, დავით იაშვილმა და ალექსანდრე გვაზავამ გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა. სწორედ ამიტომაც ბუტა რობაქიძის მკვლელობა მის ლიკვიდაციად მოინათლა.  ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ  შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს და  მის მეგობრებს. ამის შემდეგ, გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს დონაძეს დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

 

ზემოხსენებულ პირები ბრალდებულნი არიან თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყანებაში, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღრსების შეურაცყოფით.   საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მდგომარეობით), 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეოთხე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 26 აპრილამდე მდგომარეობით)” – აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.


აღნიშნულ  საქმეზე  გამოძიება გრძელდება და საქართველოს მთავარი პროკურატურა უახლოეს დღეებში აპირებს გამოაქვეყნოს პროკურატურის თანამშრომელთა და სასამართლო ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა ვინაობას, რომლებიც ამა თუ იმ დოზით მონაწილეობას იღებდნენ გამოძიების არასწორი მიმართულებით წარმართვასა და დაუსაბუთებელი ბრალდებით სასამართლოში შეტანილი სისხლის სამართლის საქმის განხილვის გაჭიანურებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი