სამართალი

სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური: კათალიკოსმა გარეგინ მეორემ ჩახალიანი ტელეფონით აკურთხა

25 იანვარი, 2013 • 1542
სომეხთა ეპარქიის პრესსამსახური: კათალიკოსმა გარეგინ მეორემ ჩახალიანი ტელეფონით აკურთხა

“ხელისუფლების შეცვლისა და 2012 წლის დეკემბერში საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, კვლავ თავისუფლებაშია ცნობილი სომეხი მოღვაწე, სამართლიანობისათვის მებრძოლი, რომელიც 2001 წლიდან საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა ჯავახეთში სომხური ეკლესიების შენარჩუნების, სკოლებში მშობლიური ენის სწავლების, ჯავახეთის სომხების უფლებათა დაცვის მიმართულებით.

 

ნათესავებისა და მეგობრების თანხლებით, რომლებიც მას ელოდებოდნენ რუსთავის №1 საპატიმროს ეზოში, პოლიტიკური პატიმარი გაემგზავრა თბილისის ავლაბრის წმინდა ეჯმიაწინ ეკლესიაში, სადაც მას დახვდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სასულიერო პირებსა და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან ერთად. ვაჰაგნ ჩახალიანს მიესალმნენ, აგრეთვე, 10 დღის წინ გათავისუფლებული სომეხი პოლიტიკური პატიმრები – არმენ გევორგიანი და რუბენ შეკოიანი.

 

ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა სასულიერო პირებთან ერთად ლოცვა აღავლინა და დალოცა თავისუფლებაში დაბრუნებული ვაჰაგნ ჩახალიანი. სულიერმა ლიდერმა თავის გამოსვლაში მაღალი შეფასება მისცა ახალი მთავრობის სამართლიან და ჰუმანურ ნაბიჯს. მან მიულოცა ახალგაზრდას, რომელმაც ზოგიერთ პირთა ახირებით და ცრუ ბრალდებით ოთხნახევარი წელი დაჰყო საპატიმროში, ახლობლებსა და ოჯახს მოწყვეტილი. მან იბრძოლა სიცოცხლისა და იმ იდეებისათვის, რომლებსაც ავრცელებდა არა მხოლოდ ჯავახეთსა და დედა სამშობლოში, არამედ დიასპორაში. ეპისკოპოსმა მას უწოდა სულიერი წამებული, რომელიც სასჯელს იხდიდა სიმართლისათვის.

 

ტელეფონით ვაჰაგნ ჩახალიანი აკურთხა უწმიდესმა და უნეტარესმა ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ. ვაჰაგნ ჩახალიანმა მადლობა გადაუხადა უწმიდესსა და უნეტარესს მზრუნველობისა და ყურადღებისათვის.

 

ვაჰაგნ ჩახალიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, სომხური ეპარქიის ლიდერს, სასულიერო პირებს, საპატიმროებთან მუშაობისათვის პასუხისმგებელ მამა ჰუსიკ ჰარუთიუნიანს, წინამძღვრის თანაშემწეს მიქაელ ავაქიანს, ყველა სომეხს, ვინც მას ინახულებდა საპატიმროში. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ახალ ხელისუფლებას, პარლამენტს, დედა სამშობლოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა მისი გათავისუფლებისათვის.

 

“მე ვიბრძოდი სამართლიანობისათვის, ჩვენი მოვალეობაა ერთგულნი დავრჩეთ ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ენისა და ჩვენი ხალხის, და ეს იდეები გადავცეთ ჩვენს თაობებს”, – განაცხადა ვაჰაგნ ჩახალიანმა.

 

შემდგომ ვაჰაგნ ჩახალიანი გაემგზავრა საქართველოში სომხეთის საელჩოში, სადაც მას უმასპინძლა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმა.

 

დავამატოთ, რომ  ვაჰაგნ ჩახალიანის დაპატიმრების საქმეზე ანგარიში მოამზადა უმცირესობების უფლებების საკითხებში მსოფლიოში ცნობილმა ექსპერტმა ფერნანდ დე ვარენმა: The Perils of Being a National Minority: Human Rights and Chakhalyan v. Georgia.”

 

შეგახსენებთ, რომ ჩახალიანი, მამასთან და ძმასთან ერთად, 2008 წელს დააკავეს. ვაჰაგნ, რუბენ და არმენ ჩახალიანებს ბრალად დაედოთ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვა.

 

რუბენ და არმენ ჩახალიანები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ვაჰაგნ ჩახალიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ჯავახეთში მასობრივ არეულობებში მონაწილეობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო ვაზნების უკანონო შენახვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი