სამართალი

ვლადიმერ ბედუკაძე დაკავებულია

18 იანვარი, 2013 • 1129
ვლადიმერ ბედუკაძე დაკავებულია

ბედუკაძეს დაუსწრებლად წაყენებული ბრალი გააცნეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ გლდანის მე–8 საპყრობილეში გადაიყვანეს.

ვლადიმერ ბედუკაძის უფლებებს ადვოკატები ლალი აფციაური და ელზა ჯმუხაძე იცავენ, ადვოკატები ბრალდების მხარეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდომლობით მიმართავენ. მათი თქმით, სასამართლოს შეუძლია აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ნაცვლად გირაოთი ან თავდებობით შეცვალოს, რადგან ბედუკაძე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

ლალი აფციაურის თქმით, ბედუკაძემ გამოძიებას ციხეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი დამატებითი მასალები ჩამოუტანა:

“განწყობა აქვს მას, მინდა გითხრათ, საბრძოლო, კარგი გაგებით, ის მზად არის ითანამშრომლოს ბრალდების მხარესთან. არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ამა თუ იმ დანაშაულს ადასტურებს, რა თქმა უნდა, ციხეში ჩადენილს და ვიდეომასალა, კადრები ჯერ არ უნახავს კიდევ საზოგადოებას, აუცილებლად გახდება ცნობილი, ეს ნამდვილად ვიცი, აუილებლად იქნება მაღალჩინოსნების გვარები”, – განაცხადა ლალი აფციაურმა.

ბედუკაძე აეროპორტში ღამის 1 საათზე ჩამოფრინდა, მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. გლდანის მე–8 საპყრობილეში დღეს მას ადვოკატები მოინახულებენ, დღესვე იგეგმება მისი დაკითხვა.

შეგახსენებთ, რომ გლდანის #8 საპყრობილის ყოფილ თანამშრომელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. მას ბრალად ედება ადამიანების წამება. ბედუკაძეზე, რომელიც ბელგიაში იმყოფებოდა, ძებნა ინტერპოლის ცირკულარით იყო გამოცხადებული, ორი დღის წინ მასზე ძებნა შეწყდა. ვლადიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ სწორედ მან გადაიღო გლდანის ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც საქართველოში 18 სექტემბერს გავრცელდა. მისივე თქმით, პატიმრების წამება ყოფილი შს მინისტრის – ბაჩო ახალაიას უშუალო მითითებით ხორციელდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი