სამინისტროს ცნობით, სასამართლოების თხოვნით და მათთანვე შეთანხმებით საქმეების გადაგზავნა ეტაპობრივად მოხდება:
“სულ, ქვეყნის მასშტაბით, განსახილველია 18500-მდე მსჯავრდებულის საქმე. პირველ ეტაპზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილემ, ავთანდილ მიქანაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს პირადად გადასცა 600-მდე მსჯავრდებულის საქმე. ა/წ 14 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ სასამართლოებისთვის გადაცემულია 3615 მსჯავრდებულის საქმე”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს იუწყება, რომ მსჯავრდებულთა საქმეების გადაცემის პროცესი კანონით დადგენილ ვადაზე (ორი კვირა) ადრე, 4-5 დღეში დასრულდება.
ორი თვის განმავლობაში სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეცნობება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და, შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოხდება მათი აღსრულება.
ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომაც დაიწყო საქმეების გადაგზავნა სასამართლოებში, ქვემდებარეობის მიხედვით ა/წ 14 იანვარს გადაიგზავნა 6354 პრობაციონერის საქმე.