სამართალი

სასამართლო პროკურატურას სამართლებრივ სივრცეში დარჩენისკენ მოუწოდებს

9 იანვარი, 2013 •
სასამართლო  პროკურატურას სამართლებრივ სივრცეში დარჩენისკენ მოუწოდებს

პროკურატურამ 4 იანვარს სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა: 

“ სასამართლომ 4 იანვარს მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.  პროკურატურა არის ბრალდების მხარე. მხოლოდ პროკურატურას აქვს უფლება მოითხოვოს პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება. აღკვეთის ღონისძიებიდან ყველაზე მძიმე ღონისძიებაა პატიმრობა, ხოლო უფრო მსუბუქი- გირაო.  სასამართლოს უფლება არ აქვს, პირს შეუფარდოს პროკურორის მიერ მოთხოვნილზე უფრო მძიმე  ღონისძიება.  სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა, რომლითაც ჩვენ ვითხოვდით ირაკლი ოქრუაშვილისთვის  პატიმრობის შეცვლას გირაოთი,  არ დააკმაყოფილა და არც დაასაბუთა, რატომ. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება არც ქართულ და არც სხვა სამართლებრივი სახელმწიფოს სამართალწარმოებაში. მსგავსი უპრეცედენტოდ უკანონო ქმედება სასმართლოს მხრიდან გვაფიქრებინებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებას, რითაც ის უკვე სასამართლოს პირადი პატიმარი გახდა”.

სასამართლო 8 იანვარს  ოქრუაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ხსნის:

“გაცნობებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ  სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით ირაკლი ოქრუაშვილს  შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო დაუსწრებლად შეეცვალა – დაპატიმრებით 2 (ორი) თვის ვადით, პატიმრობის ვადის ათვლის დასაწყისად მითითებული იქნა ბრძანების აღსრულების მიზნით ბრალდებულის დაპატიმრების მომენტი.

2012 წლის 28 დეკემბერს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს  2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეფარდებული დაპატიმრების 2 (ორი) თვიანი ვადის  გაგრძელება, რომელიც აითვალა ბრალდებულის დაკავების მომენტიდან,  კიდევ 1 (ერთი) თვის ვადით.

სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან პროკურატურის მხრიდან არ იყო წარმოდგენილი ვადის გაგრძელებისათვის აუცილებელი შესაბამისი მტკიცებულებები,  მათ შორის პირის დაკავების ოქმი, ხოლო ბრალდების მხარემ დაკავების ათვლის თარიღად მიუთითა ი. ოქრუაშვილის დაკავების ტელევიზიით გაშუქებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი. საქმეში ოქრუაშვილის დაკავების ოქმის არარსებობის გამო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, გამოეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და ემსჯელა პატიმრობის გაგრძელების კანონიერებაზე, რის გამოც არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა.

2013 წლის 3 იანვარს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა  და ითხოვა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ  2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით შეფარდებული დაპატიმრების შეცვლა გირაოთი. სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ვინაიდან პროკურორის არგუმენტაცია, რომ საქმეზე დასაკითხი იყო მოწმეები, რაც ვერ ესწრებოდა  2- თვიან საპატიმრო ვადაში,  არ წარმოადგენდა ახალ არსებით გარემოებას, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე.

დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე უკვე ამოწურულია   2007 წლის 14 ნოემბრის ბრძანებით (1999 წლის 15 მაისის რედაქცია) შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის 2- თვიანი ვადა და რადგან პატიმრობის გირაოთი  შეცვლაზე პროკურორს ეთქვა უარი, ბრალდებული ოქრუაშვილი ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დარჩებოდა არა პატიმრობაში, არამედ აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ამასთანავე, აღსანიშნავია, ამჟამად ი. ოქრუაშვილი სხვა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებზე იმყოფება პატიმრობაში და ასევე მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო  უფლებამოსიალია არათუ უარი თქვას  შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, არამედ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით უარი თქვას შუამდგომლობის დასაშვებობაზე და საერთოდ არ განიხილოს აღნიშნული საკითხი. მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა მოთხოვნილზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, არამედ უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარის თქმას”.

 

სასამართლომ  პროკურატურას მოუწოდა, ნუ გავა სამართლებრივი სივრციდან და სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი საჯარო განცხადებების ნაცვლად გამოიყენოს მხარისათვის  საპროცესო კანონმდებლობით  მინიჭებული  უფლება-მოსილება – ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი