სამართალი

თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს დღეს სასამართლომ გირაო, 16 ათასი ლარის ოდენობით შუეფარდა

1 დეკემბერი, 2012 • • 1010
თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს დღეს სასამართლომ გირაო, 16 ათასი ლარის ოდენობით შუეფარდა

ბუტა რობაქიძის მამა, ამირან რობაქიძე აცხადებს, რომ ზურაბ მიქაძე სასამართლოზე დამცინავად იქცეოდა: “ახლა ადგა და ხელი დაადო ზურა ბაქრაძე, კრიმინალური პოლიციის უფროსს, ამბობს, რომ მან მიბრძანა რომ იარაღები ჩამედოო. რატომ რვა წლის წინ არ თქვი-მეთქი, იმიტომ რომ ერთი გუნდი იყავით- მეთქი”, – ამბობს ამირან რობაქიძე.

ზურაბ მიქაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დააკავეს, მას ბრალი დღეს, 30 ნოემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადება-გადაზიდვა) და 335-ე მუხლით (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) წარედგინა.

საქართველოს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ზურაბ მიქაძე და პოლიციის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისაგან თავის არიდების მიზნით ჩაიდინეს დანაშაული.

 

კერძოდ, კბილაშვილის თქმით, ზურა მიქაძემ, სხვა პირებთან ერთად, საპატრულო პოლიციის ორი მანქანით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანა შემთხვევის ადგილზე და შემდეგ, მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ეს იარაღი მტკიცებულების ფალსიფიცირების მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე და ამით შეიტანეს მათ სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში.

 

“ზურაბ მიქაძემ აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გამოძიებისათვის მიეცა ცრუ ჩვენება ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებეზე დაყრდნობით, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა”, – განაცხადა კბილაშვილმა.

 

2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა MMჭ-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა კახაბერ აზარაშვილი. მასთან ერთად იყვნენ მისი მეგობრები: გიორგი ქურდაძე, ლევან დანგაძე, აკაკი ბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და ბუტა რობაქიძე.

 

აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, რა დროსაც პატრულის დამხმარე ეკიპაჟის წევრმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ბუტა რობაქიძე. ამ დანაშაულისათვის ბაშალეიშვილი გასამართლებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი