სამართალი

მთავარი პროკურორი მერაბიშილთან დაკავშირებულ მასალებს ჯერ არ გაცნობია

24 ნოემბერი, 2012 • • 1223
მთავარი პროკურორი მერაბიშილთან დაკავშირებულ მასალებს ჯერ არ გაცნობია

იუსტიციის სამინისტროს პრეს სამსახურის ინფორმაციით, საღამოს 6 საათის მონაცემებით, პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალები ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით არ იყო შესული.

 

“სადღაც 6 საათისთვის ჯერ კიდევ ელოდებოდნენ, პროცედურაა, კანცელარიაში როცა შედის, უნდა დარეგისტრირდეს და ისე ავიდეს მთავარ პროკურორამდე. რომც შესულიყო მთავარ პროკურორამდე, დღეს ვერ მიაღწევდა, რადგან პროკურორი ახლა ბაღდათშია. ხვალისთვის უკვე ცნობილი იქნება, შემოვიდა თუ არა განცხადება პროკურატურაში”,- უთხრა ნეტგაზეთს სამინსიტროს პრესსამსახურმა.

 

შს სამინისტრომ დღეს, 2 საათზე სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ დღესვე გაგზავნიდა მის ხელთ არსებულ მასალებს მთავარ პროკურატურაში.

 

ბრიფინგზე საუბარი იყო ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მხრიდან თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე.

 

შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება 2006-08 წლებში მომხდარ ფაქტებს, კერძოდ, უწყების განცხადებით, 2006 წლის 13 მარტს მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც თანამდებობრივი უფლებამოსილება შუეჩერდა დათა ახალაის და ვასილ სანოძეს. უფლებამოსილების შეჩერება უკავშირდებოდა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს აცხადებს, რომ  ვასილ სანოძე და დათა ახალაია, მიუხედავად იმისა, რომ შეჩერებული ჰქონდათ თანამდებობრივი უფლებამოსილება, აგრძელებდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელობას.

 

 

ვასილ სანოძე დასახელებულ პერიოდში გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, ხოლო დათა ახალაია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 

 

“ვასილ სანოძე და დათა ახალაია სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს 2 წლის მანძილზე, მათ ხელი მიუწვებოდათ საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან, ისინი გეგმავდნენ ოპერატიულ სამძებრო და სხვა სახის ღონისძიებებს. ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ დაშვებული და წახალისებული იყო 2 უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა.

 

ვინაიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემოწმების მასალები დღესვე გადაიგზავნება მთავარ პროკურატურაში.”,- განაცხადა დღეს შს სამინისტრომ ბრიფინგზე.

 

დღესვე ნეტგაზეთთან საუბარში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პოლიტიკურ დევნად შეაფასა შს სამინისტროს გაცხადება.

“ეს არ არის სამართლებრივად დასაბუთებული, სამართლებრივ საკითხებზე დაყრდნობილი ბრალდებები, ეს პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა. ხელისუფლებას სურს მიზანში ამოიღოს რაც შეიძლება მაღალი თანმადებობის პირი, ამ შემთხვევაში შეარჩიეს ვანო მერაბიშვილი. მიზანი, მგონი, ყველასთვის ნათელია, ამ ტიპის ზეწოლა ვანო მერაბიშვილზე ან რომელიმე პარტიის წევრზე უშედეგო იქნება”,-განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

ნაციონალური მოძრაოვის წევრი დავით დარჩიაშვილი  ასევე პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მერაბიშვილთან დაკავშირებული მასალების პროკურატურისთვის გადაგზავნას.

 

“გადააგზავნონ, მათ ხელშია ძალაუფლება, ხელისუფლება და პროკურატურა, ეს ყველაფერი მეტყველებს ერთზე- პოლიტიკური დევნა ოპონენტებისა გრძელდება. უსამართლობაა, ის ადამიანები, რომლებსაც 90-იანებში უმსახურიათ პროკურატურაში, შს სამინისტროში, დღეს სხვის უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობდნენ. ასეთია კურსი ახალი ხელისუფლების, პირდაპირი დევნა პოლიტიკური ოპონენტების”,-ამბობს დარჩიაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი