სამართალი

შს სამინისტრო პროკურატურას მერაბიშვილთან დაკავშირებულ მასალებს უგზავნის

24 ნოემბერი, 2012 • • 976
შს სამინისტრო პროკურატურას მერაბიშვილთან დაკავშირებულ მასალებს უგზავნის

 შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება 2006-08 წლებში მომხდარ ფაქტებს, კერძოდ, უწყების განცხადებით, 2006 წლის 13 მარტს მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც თანამდებობრივი უფლებამოსილება შუეჩერდა დათა ახალაის და ვასილ სანოძეს. უფლებამოსილების შეჩერება უკავშირდებოდა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს აცხადებს, რომ  ვასილ სანოძე და დათა ახალაია, მიუხედავად იმისა, რომ შეჩერებული ჰქონდათ თანამდებობრივი უფლებამოსილება, აგრძელებდნენ დეპარტამენტების ხელმძღვანელობას.

ვასილ სანოძე დასახელებულ პერიოდში გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, ხოლო დათა ახალაია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

“ვასილ სანოძე და დათა ახალაია სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებს 2 წლის მანძილზე, მათ ხელი მიუწვდებოდათ საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან, ისინი გეგმავდნენ ოპერატიულ სამძებრო და სხვა სახის ღონისძიებებს. ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ დაშვებული და წახალისებული იყო 2 უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა.
ვინაიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება 332-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემოწმების მასალები დღესვე გადაიგზავნება მთავარ პროკურატურაში.”,- განაცხადა დღეს შს სამინისტრომ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი