სამართალი

შსს ქელბაქიანისა და ჩოგოვაძის დაკავებაზე მტკიცებულებებს აქვეყნებს

23 ნოემბერი, 2012 • 1569
შსს ქელბაქიანისა და ჩოგოვაძის დაკავებაზე მტკიცებულებებს აქვეყნებს

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი მტკიცებულება შპს „გვირაბმშენის“ ხელძღვანელის იმედია ბოჭორიშვილის დაკითხვის ოქმია, სადაც ბოჭორიშვილი იმ სქემაზე საუბრობს, როგორ იღებდნენ “ატკატის” სახით ფულს შპს “ენსისის” ხელმძღვანელი პირები.

 

როგორც დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, შპს „ენსისის“ ხელმძღვანელი გიორგი ქელბაქიანი პირად ანგარიშზე ურიცხავდა გოჩა დარსაძეს გაცილებით დიდი ოდენობის თანხებს, ვიდრე ეს შესრულებული სამუშოების ასანაზღაურებლად იყო საჭირო. ეს თანხები, როგორც ჩვენების მიხედვით ირკვევა, რამდენიმე პირს შორის ნაწილდებოდა.

 

ბოჭორიშვილი ამბობს, რომ გოჩა დარსაძეს ურჩიეს, ახალი შპს შეექმნა, რომელთანაც ენსისი უშუალოდ გააფორმებდა ხელშეკრულებას როგორც დამკვეთი და ახალი შპს-ს ანგარიშზე მოხდებოდა შესრულებული სამუშაოს და ე.წ ატკატის სახით დასაბრუნებელი თანხის ჩარიცხვაც.

 

შედეგად შეიქმნა შპს „გვირაბმშენი“ იმედა ბოჭორიშვილის მიერ. ბოჭორიშვილი იხსენებს, რომ ჩარიცხული ფულიდან 220 ათასი ლარი “ატკატის” სახით არჩილ ჩოგოვაძეს ჩაურიცხეს. ის ასევე იხსენებს მეორე ფაქტსაც, როდესაც ამავე მიზნით ჩოგოვაძეს 409 ათასი მიუტანეს.

 

„2011 წლის 16-17 ნოემბერს მე, გოჩა დარსაძე და მამუკა ბოჭორიშვილი საღამოს დაგვიბარა შპს „ენსისი“-ს ხელმძღვანელმა არჩილ ჩოგოვაძემ თბილისში, ვაკეში, სადაც მან გვითხრა, რომ თუ დაკითხვაზე დაგვიბარებდნენ სამართალდამცავი ორგანოები, არაფერი გვეთქვა ე.წ ატკატის სახით უკან დაბრუნებულ თანხებზე, დანარჩენს თავად მოაგვარებდნენ.“-ეს არის ამონარიდი იმედია ბოჭორიშვილის ოქმიდან. 

 

სხვა რამდენიმე მტკიცებულებასთან ერთად, შსს-მ გამოაქვეყნა თბილისის განვითარების ფონდსა და კომპანია “ენ-სი-სის” შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიც. ერთ-ერთი ხელშეკრულებიდან კი ირკვევა, რომ რიყის ტერიტორიაზე მუსიკალური ცეnტრისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობისთვის 89 მილიონი ლარი გადაუხადა. 

 

კომპანია ,,ენ სი სი”-ს გენერალურ დირექტორს გიორგი ქელბაქიანს და ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით, რაც 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი