სამართალი

ომბუდსმენი შს მინისტრს ნიგვზიანის ინციდენტების გამოძიებას სთხოვს

9 ნოემბერი, 2012 • 1015
ომბუდსმენი შს მინისტრს ნიგვზიანის ინციდენტების გამოძიებას სთხოვს

სახალხო დამცველის აპარატის თანაშრომლები სოფელ ნიგვზიანში ერთი კვირის წინ ჩავიდნენ და სოფლის მუსლიმ მაცხოვრებლებს შეხდნენ. თანამშრომლებთან საუბარში მუსლიმმა მაცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ 2010 წლამდე ისინი სალოცავად ბათუმში დადიოდნენ. ერთი წლის წინ მათ სოფელ ნიგვზიანში ერთ-ერთი მუსლიმის ოჯახში სამლოცველო მოაწყვეს. აღნიშნულმა სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ვითარება სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე განსაკუთრებით 2012 წლის ოქტომბრის თვეში დაიძაბა. სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან რელიგიური თავისუფლებით სარგებლობას, რის გამოც ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს.

“ჩვენს ხელთ არსებული ახსნა-განმარტებებიდან და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული კადრებით დგინდება, მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდგომ, რაც სოფლის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ მაცხოვრებელთა მუსლიმ ნაწილს ხელი შეუშალა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებაში. 2012 წლის 26 ოქტომბერს 150-მდე პირი ყურბან ბაირამის დღესასწაულზე სალოცავად თანასოფლელ არჩილ კახაძის ოჯახში შეიკრიბა. სამლოცველოდან გამოსვლის შემდეგ მათ სოფ. ნიგვზიანის ცენტრში სოფლის მოსახლეობა დახვდათ შეკრებილი, რომლებმაც რამდენიმე მლოცველს რელიგიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ მათ სამლოცველოს გაკეთების საშუალებას. ახსნა-განმარტების თანახმად, ისინი არჩილ კახაძის ოჯახში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ რელიგიური რიტუალების შეწყვეტას.”

ვინაიდან სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე პროცესები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შუღლის საფუძველი, აუცილებელია ყველა სათანადო ორგანოს მიერ გატარდეს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით,- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, ამავე განცხადების მიხედვით, 2 ნოემბერს მომხდარი ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც განხორციელებულია რელიგიური სიძულვილის მოტივით.

მასალების გადაბეჭდვის წესი