სამართალი

ახალაიას, შამათავას და კალანდაძის სასამართლო პროცესი 2 საათზე გაიმართება

9 ნოემბერი, 2012 • 1354
ახალაიას, შამათავას და კალანდაძის სასამართლო პროცესი 2 საათზე გაიმართება

ნეტგაზეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან იმყოფება, რამდენიმე ათეული ადამიანი ზუგდიდიდან ორი მიკროავტობუსით ჩამოვიდა სასამართლო პროცესზე დასასწრებად. მათი ნაწილი აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიას კლასელი, მეზობელი ან ახლობელია.

“ჩვენ ვართ რიგითი ზუგდიდელები, მე ვარ მისი სკოლელი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი აქ ჩამოსვლით დაგვეჭირა მისთვის მხარი, ბაჩო ახალაის მხარდასაჭერად 350-ს კი არა 3500 კილომეტრს გამოვივლით”,-ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ბაჩო ახალაის თანასკოლელი.

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურამ გუშინ ბრალი ორი მუხლით წაუყენა. ბაჩო ახალაის ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატებასა (სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი) და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები). თავად ახალაია მისი ადვოკატის, ბაჩუკი ყურაშვილის თქმით, არც ერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

დღესვე გაიმართება გიორგი კალანდაძის და ზურაბ შამათავას სასამართლო პროცესი.

მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით ასევე გუშინ წაუყენეს. ადვოკატ დავით დეკანოიძის თქმით, ბრალს არც შამათავა აღიარებს. 

ამავე – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გუშინ წაუყენეს ბრალი გაერთიანებული შტაბის უფროსს  გიორგი კალანდაძესაც.

 შეგახსენებთ, ახალაია, კალანდაძე და შამათავა პროკურატურამ 7 ნოემბერს დააკავა.

სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილისთვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილს, იგი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მასალების გადაბეჭდვის წესი