სამართალი

ნორა კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

6 ნოემბერი, 2012 • 2004
ნორა კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ნორა კვიციანი
ნორა კვიციანი

სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, გუშინ შეიქმნა კომისია, რომლის რეკომენდაციის საფუძველზე დღეს ნორა კვიციანი და კიდევ ოთხი მსჯავრდებული გათავისუფლდნენ.

 

ნორა კვიციანი 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს. იგი სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს და 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

უფლებადამცველების ნაწილი მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდა, რადგან ნორა კვიციანის დაპატიმრებას წინ უძღვოდა მისი ძმის – ემზარ კვიციანის (ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში) მიერ “ვარდების რევოლუციის” გზით მოსული ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხება, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან მოჰყვა სპეცოპერაცია კოდორის ხეობაში და კვიციანის მომხრეების განიარაღება. თავად ემზარ კვიციანი კი დღემდე მიმალვაში იმყოფება.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ სტრასბურგში სასამართლოში ნორა კვიციანის საქმის განხილვა მორიგებით უნდა დასრულდეს:

 

“ნორა კვიციანი არის ქალბატონი, რომელმაც წინა ხელისუფლების უსამართლოებების მთელი სერიების წყალობით თავის თავზე იწვნია იმ შეცდომების შედეგები, რაც მან კი არა, არამედ მისმა ძმამ ჩაიდინა. საქმეს, რომელსაც ჰქვია – “ნორა კვიციანი საქართველოს წინააღმდეგ” და ევროპულ სასამართლოში არის უკვე 2-3 წელია გაგზავნილი, ამ საქმეზე უნდა მოხდეს მორიგება, რაზეც მე პირადად ვიმუშავებ, ნოემბრის მესამე კვირაში ვგეგმავ ვიზიტს ამ საკითხზე სტრასბურგში”.

 

ნორა კვიციანს სასჯელის სრულად მოხდამდე მხოლოდ 3 თვე ჰქონდა დარჩენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი