სამართალი

ტუღუში: შევძელით სისტემა ნორმალურ მდგომარეობაში გადაგვებარებინა ახალი ხელმძღვანელობისთვის

24 ოქტომბერი, 2012 • 950
ტუღუში: შევძელით სისტემა ნორმალურ მდგომარეობაში გადაგვებარებინა ახალი ხელმძღვანელობისთვის

“მიუხედავად ძალიან რთული პერიოდისა, ჩვენ შევძელით სისტემა ნორმალურ მდგომარეობაში გადაგვებარებინა ახალი ხელმძღვანელობისთვის. ამ ბოლო ერთ თვეში მკვეთრად გავზარდეთ ხარჯები ჯანდაცვაზე სხვა ხარჯების შემცირების საშუალებით. 111 პირი გადაყვანილ იქნა ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებების სამკურნალო ცენტრში, 438 პატიმარი გადავიყვანეთ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, 540–მდე პატიმარი გავიყვანეთ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში, ჯამში, 40–მდე პირს გადაუვადდა სასჯელი, რომლებმაც დატოვეს დაწესებულებები იმის გამო, რომ ჯანმრთელობის შეუსაბამო მდგომარეობა ჰქონდათ. 10–მდე პირს ჩაუტარდა ექსპერტიზა და ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ტუღუშმა.

მისი თქმით, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მედიისა და არასამთავრობო სექტორის ციხეში დაშვება იყო:

“ჩემი მინისტრობის პერიოდში არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაიშვნენ ციხეებში და დღეს გაცილებით მეტი პოზიტივი იწერება ციხეებში არსებულ ვითარებაზე, ვიდრე ერთად დაწერილა ბოლო წლების განმავლობაში. მედია არის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება კონკრეტული დაწესებულებიდან, თუნდაც დახურულიდან გამოიტანოს სიმართლე. მე იმედს ვიტოვებ, რომ მედიას მუდმივად ექნება საშუალება, დაწესებულებებში შევიდეს და კანონის ფარგლებში დააკვირდეს იქ არსებულ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, გარკვეული პასუხისმგებლობაც აიღოს საკუთარ თავზე, რომ ის ინფორმაცია, რომელიც არ არის გასასაჯაროებელი, დატოვოს არასაჯაროდ”, – განაცხადა ტუღუშმა.

გიორგი ტუღუშის განცხადებით, მისი მინისტრობის პერიოდში არ დაფიქსირებულა პატიმრების სერიოზული სიკვდილიანობა:

“ჩემი მინისტრობის პერიოდში, თუ არ ვცდები, გარდაცვლილია სამი პატიმარი, აქედან ორი შემთხვევა იყო საკმაოდ მოულოდნელი, გულის პრობლემების გამო, რამდენადაც მე ვიცი, და იყო ერთი თვითმკვლელობის ფაქტი სამკურნალო დაწესებულებაში. მინდა გითხრათ, რომ მეორე ნახევარი წლის გამოირჩევა მკვეთრი ვარდნით სიკვდილიანობის და ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, რომელიც დაფიქსირებულა ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში. იმედია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება”, – აღნიშნა ტუღუშმა.

მან ასევე მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თავისუფლების შეზღუდვის ახალი დაწესებულებაც გააცნო.

ახალი დაწესებულება გლდანის #8 საპყრობილიდან 15 წუთის სავალზე, ე.წ. პატარა ვაკის დასახლებაში მდებარეობს. დაწესებულება თანამედროვე სტანდარტებითაა აშენებული და 100–მდე პატიმარს იტევს. როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, თავისუფლების შეზღუდვის ახალი დაწესებულების მშენებლობა ხათუნა კალმახელიძის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.

შენობაში სასჯელს ის მსჯავრდებულები მოიხდიან, ვისაც გათავისუფლებამდე მცირე ვადა ექნება დარჩენილი. ტუღუშის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს საპატიმროების განტვირთვას და პატიმართა რეაბილიტაციას:

“ეს არის დაწესებულება, რომელიც ეფუძნება სრულიად ახლებურ ხედვას და თანამედროვე კონცეფციას, ამ დაწესებულების დანიშნულება არის ის, რომ განხორციელდეს პატიმართა რესოციალიზაცია, რადგან ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე დიდი პრობლემა წლების მანძილზე, როდესაც პატიმრები საზოგადოებას ტოვებდნენ აბსოლუტურად მოუმზადებლები საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის”, – განაცხადა ტუღუშმა.

ახალ დაწესებულებაში არ არის გისოსები, თუმცა დაცულია უსაფრთხოების ნორმები. შენობაში მდებარეობს საკლასო ოთახები, ყოფილი მინისტრის განცხადებით, ცენტრალური შენობის გარშემო განთავსდება რამდენიმე საწარმო და დაწესებულება, სადაც პატიმრებს გადამზადების კურსების გავლა შეეძლებათ.

შენობაში ორადგილიანი ოთახებია, ეზო კი აღჭურვილია აუზით, ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნებით, იქვეა ჭადრაკის დიდი დაფა, სადაც, ტუღუშის განცხადებით, შეჯიბრებები მოეწყობა.

ახალი დაწესებულების გარშემო იქნება გამოყოფილი მიწა, რომლის დამუშავების შედეგად მოყვანილი მოსავალიც სხვადასხვა საპატიმროებში გაიგზავნება, ასევე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პატიმართა ოჯახებს დაურიგდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი