სამართალი

სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატის ძმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

15 ოქტომბერი, 2012 • • 1842
სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატის ძმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ვახტანგ სუბელიანი, რომელიც ერთ–ერთ კერძო კომპანიაში მუშაობდა, სამართალდამცავებმა 2010 წლის 26 ოქტომბერს დააკავეს ანგარიშფაქტურების გაყალბების ბრალდებით, ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 5–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სუბელიანის ადვოკატი ირმა ჭკადუა მიიჩნევს, რომ სოზარ სუბარის ძმა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა და ის იყო პოლიტიკური პატიმარი. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი დაკავება სოზარ სუბარის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდა.

 

“იმ კომპანიაში, სადაც ვახტანგ სუბელიანი მუშაობდა, მას არ ეკავა ის პოზიცია, რომ შეხება ჰქონოდა ანგარიშფაქტურებთან, თუკი საერთოდ მოხდა დანაშაული აღნიშნულ დაწესებულებაში. ვახტანგ სუბელიანს მისჯილი ჰქონდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, საქმის განხილვა 1 წლისა და 5 თვის განმავლობაში ღია თარიღით იყო გადადებული სააპელაციო სასამართლოში, რაც არის უპრეცედენტო შემთხვევა. ღია თარიღით გადადება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიერ გასაჩივრებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩვენი საჩივრის განხილვა არ მომხდარა 1 წლისა და 5 თვის განმავლობაში. მოსამართლე მაია ივანიძემ, რომელსაც საქმე უნდა განეხილა, ძალიან კარგად იცოდა, რომ სუბელიანის მიმართ საქმეში არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის არანაირი მტკიცებულება. ჩვენი ვარაუდია, რომ მოსამართლე, უბრალოდ, თავს იკავებდა ამ საქმის განხილვისგან”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

 

ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ვახტანგ სუბელიანი სასჯელს იხდიდა გლდანის ციხეში, სადაც განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, თუმცა, ბრალს მაინც არ აღიარებდა. ადვოკატისვე ცნობით, 2012 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ იშუამდგომლა სააპელაციო სასამართლოს წინაშე. შუამდგომლობაში ეწერა, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო ბრალის აღიარების გარეშე სასჯელზე. შუამდგომლობა ვახტანგ სუბელიანის გარდა ეხებოდა კიდევ ორ პირს, რომელიც მასთან ერთად დააკავეს, ესენი არიან– გურამ გიორგობიანი და ვაჟა ლეკიშვილი.

 

“ეს იყო ერთადერთი მოკლე გზა ვახტანგ სუბელიანის ციხიდან გამოსაშვებად, რის გამოც ჩვენ დავთანხმდით საპროცესო შეთანხმებას მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რომ ის გამოსულიყო ციხიდან. თუმცა საქართველოს კანონმდებლობა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული საპროცესო შეთანხმება გავასაჩივროთ და დავამტკიცოთ, რომ ვახტანგ სუბელიანი იყო სრულიად უდანაშაულო, პოლიტიკური პატიმარი.

 

ასევე ჩვენ მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაყენებას იმ მოსამართლისა, რომელმაც გამოიტანა უკანონო განაჩენი და ასევე, რომელიც წელიწადი და ხუთი თვის განმავლობაში არ განიხილავდა საქმეს. ჩვენ მოვითხოვთ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები საქმეში დაკითხულ რამდენიმე ბუღალტერთან და მოადგილესთან დაკავშირებით, რომლებიც მაშინ დაიბარეს მოდულის შენობაში და იძულებით მიაცემინეს ცრუ ჩვენება, რომ იმ დაწესებულებაში ხორციელდებოდა რაღაც უკანონო გარიგებები. ახლა ეს ადამიანები მზად არიან სიმართლის სათქმელად. უახლოეს მომავალში, როგორც კი საქართველოს ახალი პროკურორი და ახალი იუსტიციის მინისტრი ეყოლება და აღდგება სამართლიანი მართლმსაჯულება, ჩვენ მოვითხოვთ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და დაისჯება ყველა ადამიანი, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული”, – აცხადებს ვახტანგ სუბელიანის ადვოკატი ირმა ჭკადუა. მისი ინფორმაციით, ციხეში ყოფნის შედეგად დამძიმებულია სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი