საქართველოს უზენაესის სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დღეს, 9 ოქტომბერს დაამტკიცა პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ინფორმაციას ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თამაზაშვილი გასული წლის 11 ოქტომბერს დააკავეს.
საქმის მასალების მიხედვით, “2011 წლის 11 ოქტომბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში – კოსტავას გამზირზე სამართალდამცავების მიერ გაჩერებულ იქნა ,,ნისანის” მარკის ავტომანქანა, რომელსაც თამაზ თამაზაშვილი მართავდა. ვინაიდან არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ იგი ინახავდა კანონსაწინააღმდეგო ნივთს და შესაძლო იყო, მტკიცებულება მოეშორებინა, მას ადგილზევე ჩაუტარადა ავტომობილის ჩხრეკა. ჩხრეკისას ავტომანქანის საბარგულიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა AK-74 მოდელის, 5,45 კალიბრის ,,კალაშნიკოვის” კონსტრუქციის N 797207 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და 26 საბრძოლო ვაზნით.
სასამართლო განხილვისას თამაზ თამაზაშვილმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა– შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.
უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, სასამართლომ მსჯავრდებულს დაწვრილებით განუმარტა მისი უფლებები, შესაბამისად, სასამართლო დარწმუნდა, რომ დაცული იყო საპროცესო შეთანხმების დადების ყველა წინაპირობა, ამასთან, მხარეებმა (მსჯავრდებულმა, მისმა ადვოკატმა და პროკურორმა) დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ შორის ნებაყოფლობით მოხდა შეთანხმება სასჯელზე.
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, როდესაც ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი პირველი ვიდეომასალა გავრცელდა, შსს-მ განაცხადა, რომ თამაზ თამაზაშვილი გლდანის #8 საპყრობილის მაღალჩინოსნებს პატიმართა წამებასა და წამების ვიდეოფირზე აღბეჭდვას უკვეთავდა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე თამაზაშვილი სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ და, შესაბამისად, მისთვის არც ბრალი წაუყენებიათ.
კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამდა, რომ თამაზ თამაზაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი იყო.