სამართალი

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული ჯამალაშვილი და ფხალაძე საპატიმროს დატოვებენ

30 ნოემბერი, 2016 • 4605
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული ჯამალაშვილი და ფხალაძე საპატიმროს დატოვებენ

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები, ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე საპატიმროს დატოვებენ, ვინაიდან მათ წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა დეკემბერში ეწურებათ. ადვოკატის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს.

საქმე ეხება “ქრონიკა პლუსის” რედაქტორის, ელისო კილაძისთვის მიტანილი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო  ვიდეოჩანაწერის გავრცელებასა და მოპოვებაში ბრალდებულებს.

ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის დაკავების შესახებ პროკურატურამ 15 მარტს განაცხადა. ბრალდებულების ადვოკატმა, გიორგი ფოფხაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ჯამალაშვილი 14 მარტს დააკავეს, ხოლო ფხალაძე – 13 მარტს. შესაბამისად, მათ ცხრათვიანი ვადა 13 და 14 დეკემბერს ეწურებათ. ამ საქმეზე 2016 წლის 3 თებერვალს დაკავებული ბრალდებული, გელა ღურწკაია სასამართლომ ცხრათვიანი ვადის ამოწურვის გამო 1 ნოემბერს გაათავისუფლა პატიმრობიდან.

ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ ნეტგაზეთს ასევე განუცხადა, რომ 9 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ფორმალური ხასიათი ექნება, ვინაიდან იწურება წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა, სასამართლოს კი განხილვა დასრულებული არ აქვს.

ფოფხაძის თქმითვე, ამჟამად სასამართლო პროკურატურის მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზეა.

პროკურატურის ვერსიის თანახმად, ბრალდებულებმა მონაწილეობა მიიღეს პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო  ვიდეოჩანაწერის გავრცელებასა და მოპოვებაში:

“2015 წლის 26 დეკემბერს გელა ღურწკაია, ქ.თბილისში, გუდაურის ქუჩა N7-ში მდებარე შპს „მედიაჰოლდინგი ქრონიკა+“-ის ოფისში ამავე ორგანიზაციის დირექტორს, ელისო კილაძეს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელების მიზნით,  წარუდგინა სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერი. 2016 წლის 3 თებერვალს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გელა ღურწკაია, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილი იყო სხვისი პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

პროკურატურამ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობა და დანაშაულში ჩართული იმ პირთა წრე, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ხსენებული ვიდეოჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში. კერძოდ, 2015 წლის დეკემბერში შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ნიკოლოზ ხაჭაპურიძე დაუკავშირდა გელა ღურწკაიას, რომელსაც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა ერთ-ერთი ფარული ჩანაწერის მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის დირექტორისათვის – ელისო კილაძისთვის გასაღება. თავის მხრივ, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს ხსენებული ჩანაწერები გადასცა მისმა მეგობარმა ინგა ჩატოიანმა, რომელმაც ვიდეოები, თავის მხრივ, 2015 წლის ზაფხულში, მათი რეალიზაციის მიზნით, ადვოკატ ირაკლი ფხალაძისგან მოიპოვა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2014 წელს ადვოკატმა ირაკლი ფხალაძემ ხსენებული პირადი და ოჯახური საიდუმლოს ამსახველი ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერები გამოართვა ზურაბ ჯამალაშვილს და გადაწყვიტა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მათი გავრცელება. ადვოკატ ირაკლი ფხალაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 2016 წლის 13 მარტს ამოღებული იქნა ბრალდებულის პერსონალური კომპიუტერი, სადაც ინახებოდა ხსენებული და სხვა ვიდეოჩანაწერები, რომლებიც, როგორც დგინდება, შექმნილია 2012 წლის ივნისამდე პერიოდში,”- ვკითხულობთ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალში.

მასალების გადაბეჭდვის წესი