3.5–წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოსულმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვლადიმერ ვახანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლომდე აპირებს ბრძოლას და სხვა ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს.
ვლადიმერ ვახანიამ რუსთავის #6 სასჯელაღსრულება დღეს, 14 სექტემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე დატოვა, საიდანაც ის სამების საკათედრო ტაძარაში მივიდა და ილოცა. ამის შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
“მე რადგან გადავწყვიტე ბრძოლა, არჩევნებში ბოლომდე მივიღებ მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ქართველმა ხალხმა საკადრისი პასუხი უნდა გასცეს იმ უკანონობას, რაც ქვეყანაში ხდება. მე შევეცდები ამ არჩევნებში სხვა, რეალურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად მოვიპოვო გამარჯვება. რა თქმა უნდა, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ყველა ბრძოლას აქვს შედეგი”, – განაცხადა ვლადიმერ ვახანიამ.
კითხვას, აპირებს თუ არა სხვა ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობას, ვახანიამ შემდეგი უპასუხა:
“საქმე იმაშია, რომ მე ახლა გამოვედი ციხიდან, ჯერ გავერკვევი საერთო სიტუაციაში, შევხვდები და გავუზიარებ ჩემს აზრს, ჩემს ხედვას სხვა ოპოზიციურ პარტიებს. მე ვფიქრობ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ პატრიოტულმა ძალებმა ცალ–ცალკე იბრძოლონ. მოგეხსენებათ, რომ არის რამდენიმე ოპოზიციური ძალა, მათ შორის “ქართული ოცნება”, რომელიც, ჩემი აზრით, ამ ბრძოლაში შეიტანს გადამწყვეტ წვლილს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებმა არაფერი არ გააკეთონ”.

ციხიდან ახლადგამოსულმა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვლადიმერ ვახანიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ რუსთავის #6 დაწესებულებაში, სადაც ის სასჯელს იხდიდა, პატიმრებისადმი სხვადასხვა უკანონობა ხდებოდა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან.
“პირადად მე ექვსი თვის განმავლობაში შეზღუდული მქონდა ღია ცის ქვეშ სეირნობის უფლება, ბოლო 4 თვის მანძილზე არ შემოჰქონდათ პრესაა. ასევე, ბოლო 1 თვის მანძილზე, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ არჩევნებში ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, არ მაძლევდნენ ტელეფონით სარგებლობის უფლებას, დანარჩენ კანონდარღვევებზე მოგვიანებით ვისაუბრებ”, – განაცხადა ვლადიმერ ვახანიამ.
საქართველოს და რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ვახანია სამართალდამცავებმა 2009 წელს დააკავეს და გაასამართლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და ამავე მუხლის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარდგენილ ბრალდებებისთვის. ვახანიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. მისი საქმე კი გასაჩივრებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ვლადიმერ ვახანია თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევდა.