სამართალი

სწავლება ‘საქართველო 2012’ თბილისის მახლობლად გაიმართება

13 სექტემბერი, 2012 •
სწავლება ‘საქართველო 2012’ თბილისის მახლობლად გაიმართება

ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები ევროატლანტიკურ პარტნიორთა საბჭოდან (EAPC) და დამატებით 13 ქვეყანა, რომლებიც ვარჯიშში თავიანთი ოფიცრებით ჩაერთვებიან.

 

“მთლიანობაში ვარჯიშში მონაწილეობას მიიღებს ათასზე მეტი პირი, რომლების ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამოქალაქო და სამხედრო ჯგუფის წევრები იქნებიან სხვადასხვა სახის საგანგებო სიატუაციებზე რეაგირების გამოცდილებით. ვარჯიშს ასევე 60-მდე დამკვირვებელი დაესწრება. „საქართველო 2012″ საშუალებას მისცემს ნატოს და მის პარტნიორ ქვეყნებს პრაქტიკაში გამოსცადონ კატასტროფებზე რეაგირების მექანიზმები და თავიანთ შესაძლებლობები, ასევე გააღრმავონ თანამშრომლობა საგანგებო სიტუაციების სფეროში,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

 

ვარჯიშის სცენარი მოიცავს ძლიერ მიწისძვრას, რომელიც თბილისის შემოგარენში მოხდება, რაც გამოიწვევს დიდი ოდენობით მსხვერპლს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან ნგრევას, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების დაღვრას და რადიაციულ ინციდენტს.

 

ვარჯიშის განმავლობაში ნატო და მისი პარტნიორი ქვეყნები პრაქტიკაში გამოიყენებენ დადგენილ პროცედურებს და გამოცდიან თავიანთ შესაძლებლობებს კატასტროფებზე რეაგირების უნარების გაუმჯობესების მიზნით. ვარჯიში, ასევე, ხელს შეუწყობს დაზარალებულ ქვეყნებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ კატასტროფებს და მოახდინონ ეფექტური კოორდინაცია შედეგების სალიკვიდაციო ოპერაციებისას.

  

შსს-ს ცნობით, „საქართველო 2012″ – ეს არის საქართველოს მიერ 2012 წელს შეტანილი წვლილი „პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამაში. 2000 წლიდან დღემდე ეს უკვე მეთოთხმეტე საველე ვარჯიშია, რომელიც „კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის” მიერ ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი