ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ელჩის მკვლელობის შემდეგ სხვა დიპლომატების დასაცავად ლიბიაში 50–კაციანი სპეციალური სამხედრო დანაყოფი შეიყვანა, გარდა ამისა, ლიბიის სანაპიროებთან განათავსა ორი სამხედრო ხომალდი.
აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაგმო ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქ ბენრაზიში აშშ–ს საკონსულოზე თავდასხმისაა და ელჩის მკვლელობის ფაქტი. რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ თავდასხმას ემსხვეპლა ელჩი კრის სტივენსი და საკონსულოს სამი თანამშრომელი, აშშ–ს კიდევ 5 მოქალაქე დაიჭრა.
ლიბიის გარდა აშშ–ს საელჩოზე იერიში მიიტანეს ეგვიპტეში, კაიროში. აშშ–ს საელჩოს წინააღმდეგ მიმართულ აქციაში ეგვიპტეში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, მათი ნაწილი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით იყო აღჭურვილი და ისინი საელჩოს შტურმს შეეცადნენ, თუმცა, პოლიციამ ორჯერ შეძლო მათი მოგერიება ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
ეგვიპტესა და ლიბიაში ისლამისტთა პროტესტი გამოიწვია ერთ–ერთი ამერიკელი რეჟისორის მიერ დამზადებულმა რამდენიმეწუთიანმა ფილმა, სადაც გაშარჟებულია მუჰამედი. ისლამისტები მიიჩნევენ, რომ ამ ფილმმა მათი რელიგია შეურაცხყო.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ ბენღაზიში საელჩოზე შტურმი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მიიტანეს, თუმცა, როგორც CNN იტყობინება, უკვე ცნობილი გახდა, საელჩოს თავს დაესხა კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი მოჯაჰედთა ჯგუფი. მათ ანტიამერიკული საპროტესტო აქცია საფარად გამოიყენეს.
ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორები აუცილებლად დაისჯებიან, მანამდე კი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, გაძლიერებულია ამერიკელ დიპლომატთა დაცვა.