სამართალი

საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ივანიშვილის საჩივარი დაარეგისტრირა

12 სექტემბერი, 2012 •
საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრმა ივანიშვილის საჩივარი დაარეგისტრირა

სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოწესრიგების შესახებ ვაშინგტონის 1965 წლის 18 მარტის კონვენციის თანახმად (რომლის წევრიც არის საქართველოს სახელმწიფო) ცენტრი იხილავს დავას (მხოლოდ) უცხოელ ინვესტორსა და მასპინძელ სახელმწიფოს შორის.

 

აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის საჩივარი ემყარებოდა იმას, რომ საქართველოს სახელმწიფომ შელახა მისი, როგორც საფრანგეთის სახელმწიფოს მოქალაქის, კანონიერი უფლებები, რადგან ყველა უკანონო ქმედება, რაც საქართველოს სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩაიდინა, განხორციელდა 2011 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ – მას შემდეგ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა და ეს უკანასკნელი საფრანგეთის სახელმწიფოს მოქალაქე იყო.

 

საჩივრის რეგისტრაციაში გატარებას წინ უსწრებდა საქართველოს მთავრობის პროტესტი, რომლითაც საქართველოს მთავრობა საჩივრის რეგისტრაციის წინააღმდეგ გამოდიოდა. სახელმწიფოს მიაჩნდა, რომ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქედ  არ უნდა მიჩნეულიყო. ამ მოსაზრების ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს მთავრობამ დაასახელა ის, რომ 2012 წლის 27 მაისს თბილისში გამართულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ “მე ვარ საქართველოს მოქალაქე“.

 

ცენტრის მიერ საქართველოს მთავრობის პროტესტი არ იქნა გაზიარებული და საჩივარი რეგისტრირებულ იქნა.  საჩივრის რეგისრაციის შემდგომი ეტაპი არის საარბიტრაჟო ტრიბუნალის შექმნა, რომლის ფორმირების შემდეგაც დაიწყება საქმის განხილვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი