სამართალი

ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობის მიზეზებთან დაკავშირებით ციხიდან წერილი გამოგზავნა

12 სექტემბერი, 2012 •
ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობის მიზეზებთან დაკავშირებით ციხიდან წერილი გამოგზავნა

“მე ცოტნე გამსახურდია რუსთავის # 17 სასჯელაღსრულების დაწესებულების უკანონოდ გასამართლებული პატიმარი, ვხედავ რა, სასჯელარსრულების დაწესებულების პერსონალის მხრიდან არაადამიანურ და ღირსებაშემლახველ მოპყრობას მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულების მიმართ არასათანადო მკურნალობის განხორციელებაში, ჩემი ვალია გამოვაცხადო პროტესტი შიმშილობის ფორმით და საკუთარი ხმა მოგაწვდინოთ მრავალი პატიმრის მძიმე მდგომარეობის გადმოსაცემად, რასაც ვაცხადებ მოთხოვნის ფორმით:

 

1. მოვითხოვ, გაუმჯობესდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ რუსთავის #17 სასჯელარსრულების დაწესებულების მსჯავრდებულებს ზაქრო ცაცაშვილის, სიმონ მამათელაშვილის და ზვიად მეოტიშვილის.

 

2. მოვითხოვ, ჩემს მიმართ განხორციელდეს ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა ხერხემლის და ღვიძლის დაავადებებთან დაკავშირებით.

 

3. მოვითხოვ, ჩატარდეს სასამართლო პროცესი – 2007 წელს სახელმწიფო უშიშროების მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით ,,ჯაშუშობისა და გადატრიალების მცდელობის” გამო, რომელიც სპეციალურად, ჩემს მიმართ შეთხზეს.
ვიმედოვნებ უყურადღებოდ არ დარჩება, ჩემი მცდელობა დავეხმარო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მსჯავრდებულებს და ამით ვიმყოფებოდე საკუთარი ხალხის სამსახურში. თუნდაც ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სამართლიანობის დიდი გამარჯვება იქნება”, – წერს ცოტნე გამსახურდია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

 

ცოტნე გამსახურდიას მიმართ არასათანადო მკურნალობისა და მოპყრობის ფაქტებზე მისი ადვოკატები გასული დღეების განმავლობაშიც საუბრობდნენ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ 11 სექტემბერს აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა.

 

სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, №17 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულმა ცოტნე გამსახურდიამ გამოაცხადა შიმშილობა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით, თუმცა 7 სექტემბერს მან უარი განაცხადა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გეგმურ გამოკვლევებზე გადაყვანასთან დაკავშირებით.

“უნდა აღინიშნოს, რომ შიმშილობის გამოცხადების შემდგომ, მსჯავრდებული კანონის ფარგლებში გადაყვანილ იქნა არა ე.წ. კარცერში, როგორც ამას მსჯავრდებულის უფლებადამცველი აცხადებს, არამედ განცალკევებით, მუდმივი სამედიცინო ზედამხედველობის მიზნით, რაც მოშიმშილე პატიმრის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას მიმართ რაიმე სახის ზემოქმედების თაობაზე.

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების მიზნით მსჯავრდებული ცოტნე გამსახურდია გადაყვანილ იქნა სამკურნალო დაწესებულებაში.

ამ ეტაპზე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებული გამსახურდია, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმარი უზრუნველყოფილია შესაბამისი პროფილის ექიმის მუდმივი ზედამხედველობით, მრავალპროფილური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებებით, ასევე სამოქალაქო სექტორის წამყვანი სპეციალისტების მომსახურებით”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

ცოტნე გამსახურდია, ფოტო: რადიო თავისუფლება
ცოტნე გამსახურდია, ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი