საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ხერხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.
უზენაესი სასამართლოს ცნობით, პირველი და სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტების შესაბამისად ე. კ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა კუსტარული წესით მიღებული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, რომლის გასაღებაც განიზრახა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ შვილზე – ვ. კ-ზე და ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ფხვნილში დაასველა ექვსი მოყვითალო ფერის თხელი ქსოვილი, მოათავსა პირსახოცის ორივე ბოლოში, ნაკერების შიგნითა მხარეს და ამ გზით შენიღბული ჩადო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ ვ. კ-სათვის გადასაცემ ამანათში. ე. კ-მ წარადგინა ამანათი და შეავსო წერილობითი განცხადება, რის საფუძველზეც აღნიშნული დაწესებულების ადმინისტრაციას ამანათი უნდა გადაეცა იმავე დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ ვ. კ-სათვის. მან განცხადებაში აღნიშნა, რომ ამანათში არ იყო მოთავსებული აკრძალული საგნები, ნივთები (მათ შორის ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებები), რის შესახებაც გაფრთხილებული იყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე. ამანათის შემოწმების შედეგად, კერძოდ, მასში მოთავსებული, ღია ფერის პირსახოცის ორივე ბოლოში, ნაკერების შიგნითა მხარეს, ნანახი იქნა მოყვითალო ფერის ქსოვილი, გაჟღენთილი საეჭვო სპეციფიკური სუნის მქონე სითხით, რომელიც სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს კუსტარული წესით მიღებული ჰეროინის შემცველ ნარევს.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის სხვა პირისათვის უკანონო გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა სხვა ნივთში, გასესხება და ა.შ.).