პრეზიდენტის თქმით, ბოლო ორი დღე ყველასთვის ჭკუის სასწავლებელი იყო:
“ჩვენ მართლა ალალად შევთავაზეთ, ყველა ღირსების დაცვით, კანონის ფარგლებში ჩაბარება, მაგრამ მათ ეს გზა აირჩიეს. ჩვენ სხვა გამოსავალი, რა თქმა უნდა, არ დაგვიტოვეს და ჩვენ ძალიან მაგრად ვიმოქმედეთ. ყველასთვის ძალიან ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი იყო, ალბათ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, დივერსანტების ჯგუფს რამდენიმე მიზანი ჰქონდა, მათ შორის საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის გამოცდა და პროვოკაციის მოწყობა:
“2008 წლის შემდეგ ჩვენები არ ყოფილან საბრძოლო ოპერაციაში ამ მასშტაბის და მინდა ვთქვა, რომ აშკარად პროგრესი აქვთ გაკეთებული და მე ეს მიხარია. ჩვენ გამოვიყენეთ ავიაცია, გამოვიყენეთ უპილოტოები. კარგია, რომ ტექნიკური საშუალებები გვაქვს. ძალიან ბევრ ქვეყანას გაუჭირდებოდა, ბევრად უფრო მდიდარს და მრავალრიცხვოვანი რაზმებით, ამ ხარისხის ოპერაციის ჩატარება ასეთ რთულ რელიეფში და ასეთ რთულ გარემოში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, გარდაცვლილები ყველა რელიგიური წესის დაცვით დაიკრძალებიან:
“ჩვენ უნდა მივაგოთ მათ, დაღუპულებს მათ შორის, პატივი, გავაპატიოსნოთ მათი მიცვალებულები და ჩვენი ისტორიული ტრადიციების თანახმად და მათში მუსლიმანური ტრადიციების დაცვით უნდა დავკრძალოთ ისინი და თუ მათ ახლობლებს უნდათ ჩამოსვლა, უნდა მივუთითოთ, სად არის მათი საფლავები. მაგრამ ყველა უნდა გაფრთხილდეს, აქ წინ და უკან სიარული საქართველოში, მით უმეტეს, მუხებით, ყუმბარმტყორცნებით და ხალხის გატაცება, გეგონება პირუტყვები იყვნენ, მუქარები და მით უმეტეს, ჩვენს პოლიციელებზე და სამართალდამცავებზე ხელის აღმართვა ისჯება ისე, როგორც დაისაჯა გუშინ და გუშინწინ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.