სამართალი

ივანიშვილი: სპეცოპერაცია შესაძლოა ხელისუფლების ავანტიურას უკავშირდებოდეს

30 აგვისტო, 2012 •
ივანიშვილი: სპეცოპერაცია შესაძლოა ხელისუფლების ავანტიურას უკავშირდებოდეს

“როგორც მოსახლეობის უმრავლესობას, ასევე მეც მაქვს ეჭვი, რომ იქ რაღაც ხდება ისეთი, რაც შეიძლება ჩვენი ხელისუფლების ავანტიურას უკავშირდებოდეს”, – ასე გამოეხმაურა დღევანდელ ბრიფინგზე კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სპეცოპერაციას. 

ივანიშვილი ამბობს, რომ ჯერ ღრმა ანალიზი არ გაუკეთებია, მაგრამ წინასწარი ანალიზით, მისი თქმით, “ეჭვი ჩნდება და კითხვის ნიშნებს აჩენს დღევანდელი ხელისუფლების სახე, რომ ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ინფორმაციაც რომ არ გვაქვს, ესეც ჩვენი ხელისუფლების სახეა.”

ივანიშვილის თქმით, დღემდე უცნობია, რა უნდოდათ ამ ჯგუფის წევრებს, როდესაც მძევლები აიყვანეს:

 

“როდესაც მძევლად აჰყავთ, ან ფულს ითხოვენ, ან თავისუფლებას ითხოვენ, ან თვითმფრინავს ითხოვენ, ათასნაირი მოთხოვნა არის. რა უნდათ მათ? რა მოითხოვეს? ორჯერ შეცვალეს მძევალი, რატომ არ აცხადებდნენ დღემდე, რას ითხოვდნენ ისინი? ტერორისტები პირველსავე წუთს აკეთებენ განცხადებას, რისი სურვილი აქვთ მათ. სად არის ამის მოთხოვნა”. 

ივანიშვილის თქმით, მეორე შეკითხვა უკავშირდება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას გუშინდელ განცხადებას მძევლების ჩანაცვლების შესახებ:

“ბოკერია ამბობს, რომ აიყვანეს ბავშვები, შემდეგ ჩაანაცვლეს ისინი ადგილობრივი პატრულით, ამის შემდგომ პატრული ჩაანაცვლეს სპეცრაზმელებით, ეს რას აჩვენებს? ეს აჩვენებს იმას, რომ გამტაცებლები არ იყვნენ ასეთი აგრესიულები და რაღაც მოლაპარაკებებზე მოდიოდნენ. რა აუცილებელი იყო პირველ დღესვე ცეცხლის გახსნა და რატომ არ გაგრძელდა მოლპარაკებები?

ჩვენ ვიცით მაგალითები, როდესაც კვირაობით გრძელდებოდა მოლაპარაკებები ტერორისტებთან იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. სად ჩანს აუცილებლობა იმისა, რომ შეტევა განხორციელებულიყო და დაღუპულიყო სამი ადამიანი? ეს არის პრობლემა, აქ არის კითხვები,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი