სამართალი

29–ჯერ შეცვლილი 17 წლის კონსტიტუცია

24 აგვისტო, 2012 •
29–ჯერ შეცვლილი 17 წლის კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო და ძალაში იმავე წლის 1 ნოემბრიდან შევიდა. შექმნიდან დღემდე საქართელოს კონსტიტუცია 29–ჯერ შეიცვალა, ცვლილებების უმრავლესობა კი 2003 წლიდან, ვარდების რევოლუციის შემდეგ შევიდა.

კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი იყო ბოლო, 2009 წელს შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი. ის აცხადებს, რომ შექმნიდან დღემდე კონსტიტუციის პირვანდელი ტექსტი შეცვლილია თითქმის 3/4–ით, მაგრამ სერიოზულად შეცვლილია მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც ეხება სახელმწიფო ინსტიტუტებს – პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას და ა.შ.

ავთანდილ დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის გადასინჯვებში არსებობს გარკვეული კანონზომიერება. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა 2010 წელს, რომელიც ძალაში 2013 წელს შევა. ამ ცვლილების შედეგად საქართველოს აღამსრულებელი ხელისუფლების მეთაური იქნება პრემიერ–მინსიტრი, რითაც პრეზიდენტის ფუნქცია–მოვალეობები მნიშვნელოვნად შემცირდება.

პირველი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ამჟამად “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ 17–წლიანი არსებობის მანძილზე საქრთველოს კონსტიტუციამ რეალურად დაკარგა საზოგადოების პატივისცემა.

ხმალაძის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ  ბოლო 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ქვეყნის მთავარ კანონში მთელი რიგი ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომლებიც ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს, ისე  კონსტიტუციის კონკრეტულ დებულებებს.  მისი მოსაზრებით, 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებამ დაარღვია კონსტიტუციის უმთავრესი – ხელისუფლების დანაწილების პრინციპი.

“ამ ცვლილების შედეგად მთელმა ძალაუფლებამ მოიყარა თავი პრეზიდენტის ხელში და შეიქმნა ავტორიტარული სახელმწიფოს მოდელი, რომელიც თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს დიქტატურაში”, – აცხადებს  პირველი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ხელისუფლებას ცვლილებები გაუაზრებლად და დაუგეგმავად შეაქვს, რაც მის მნიშვნელობას აკნინებს. ამის საილუსტრაციოდ ხმალაძე იხსენებს ქუთაისში პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილებას. ხელსიფუელბამ პარლამენტის ქუთაისში გადატანა ჯერ ნაწილობრივ, მოგვიანებით კი სრულად გადაწყვიტა. ორივე ჯერზე კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შევიდა.

“როცა კონსტიტუციაში შედის ცვლილება და ადგენენ ამ ცვლილების კანონიერ ძალაში შესვლის ვადას, ამ ვადის გასვლამდე ხელახლა ცვლიან კონსტიტუციას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაუგეგმავად და გაუაზრებლად იცვლება კონსტიტუცია. სხვა ქვეყნებში კონსტიტუციას მხოლოდ იმ შემთხვევაში ცვლიან, თუ დადგება დიდი აუცილებლობა. კონსტიტუცია ქვეყნისთვის ისეთივეა, რაც შენობისთვის საძირკველი.  თუ საძირკველს უკაკუნეთ, გამოჭერით, გამოანგრიეთ, ეს იწვევს შენობის მდგრადობის შემცირებას. ჩვენი კონსტიტუციის ის ნაწილი, რომელიც ეხება ხელსიუფელბას, ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციონალიზმის პრინციპებს, რომლებიც 2 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩამოყალიბდა და წლების მანძლზე ეს პრინციპები კი არ იცვლებოდა, არამედ ღრმავდებოდა”, – ამბომბს ვახტანგ ხმალაძე.

აშშ–ის კონსტიუტციაში 200–ზე მეტი წლის არსებობის მანძილზე სულ 27 შესწორება შევიდა, 2–ით ნაკლები, ვიდრე საქართველოს 17–წლიან კონსტიტუციაში.

“კონსტიტუციის პატივისცემისა და გამოცდილების კუთხით აშშ–თან შედარება, მე ვფიქრობ, არ იქნება მართებული მარტივი მიზეზის გამო, ვინაიდან იქ საზოგადობრივ ურთიერთობებს არეგულირებს არა მხოლოდ კონსტიტუცია, არამედ კონსტიტუციური ჩვეულებები და სასამართლო პრეცენდენტები, ანუ სასამართლოს როლია გამოკვეთილი იქ ურთიერთობათა რეგულირებაში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს”  კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

“მიუხედავად იმისა, რომ მე ბოლო კონსტიტუციური რეფორმის კომისიის თავმჯდომარე ვიყავი,   ვერ ვიტყვი, რომ კონსტიტუცია მოსახლეობაში სრული ნდობით სარგებლობს. ეს არის, ერთი მხრივ კონსტიტუციის რაღაც ნაკლოვანი მხარები, ასევე ის, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ცენტრალიზებულია და კონსტიტუციის ცვლილება პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული”, – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი. მისივე მოსაზრებით, კონსტიტუცია არ უნდა იცვლებოდეს ხშირად, თუმცა, რადგან საქართველო განვითარებადი სახელმწიფოა, რომელშიც გარკვეული ცვლილებები სოციალურ სტრუქტურაში, ეკონომიკაში, პარტიულ სისტემაში გარდაუვალია, იცვლება მისი კონსტიტუციური რეგულირება.

დემეტრაშვილის დასკვნით, საქართველოს კონსტიტუცია ორი ძირითადი მიზეზის გამო იცვლება და ეს მიზეზებია: საზოგადოებრივი განვითარების დინამიკა და მმართველი ძალის მიერ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი