სამართალი

შსს-ში ვერ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძიებენ GNS-ის რეპორტიორების ცემის ფაქტს

23 აგვისტო, 2012 •
შსს-ში ვერ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძიებენ GNS-ის რეპორტიორების ცემის ფაქტს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ახმეტის პოლიციაში გუშინ მომხდარი ფაქტის თაობაზე სამი შეტყობინება შევიდა: თავდაპირველად ახმეტის საავადმყოფოდან – ბაჩანა ბულისკერიასა და ვასილ დაბრუნდაშვილის ფიზიკური დაზიანების შესახებ; შემდეგ – ზაურ ყაჩმაზაშვილისა და ოსიკო ჭიჭიაშვილისგან, რომლებიც მათ კუთვნილ ტერიტორიაზე დაბრუნდაშვილსა და ბულისკერიას  უნებართვოდ შეჭრის გამო ჩიოდნენ, რასაც, მათი თქმით, მოჰყვა შელაპარაკება და ჩხუბი. ამის შემდეგ კი, შსს-ს ინფორმაციით, სტუდია GNS-ის გადამღებმა ჯგუფმა მიმართა პოლიციას იმის თაობაზე, რომ მათ ფიზიკური დაზიანებები ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშილმა მიაყენეს.

“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენი ჟურნალისტები უკანონოდ შეიჭრნენ ჭიჭიაშვილების საკუთრებაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საუბარი შედგა ჭიშკართან. ინფორმაცია, რომ თითქოს უკანონოდ შეიჭრნენ კერძო საკუთრებაში, მცდარია,” – აცხადებს  სტუდია GNS-ის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა “ნეტგაზეთთან” საუბარში.  

ბაჩანა ბულისკერია
ბაჩანა ბულისკერია

ვასილ დაბრუნდაშვილი
ვასილ დაბრუნდაშვილი

 

ამ დროისთვის ვასილ დაბრუნდაშვილისა და ბაჩანა ბულისკერიას დაკითხვა მიმდინარეობს ახმეტის პოლიციაში. ჟურნალისტებმა ჯერ არ იციან, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. ამის თაობაზე ამ ეტაპზე არც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ფლობს ინფორმაციას: სალომე მახარაძის თქმით, მოგვიანებით გაირკვევა დეტალები და ამის შემდეგ შეძლებს უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის.

ნანა ლეჟავას თქმით, მათ აქვთ წინასწარი ინფორმაცია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ითვალისწინებს ჯარიმას, ან ერთ წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. სტუდია GNS-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უნდა ჩატარდეს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ასევე, სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების მუხლებით.

სტუდია GNS-ის ჟურნალისტები გუშინ ახმეტაში პროფესიული საქმიანობის შესრულების მიზნით იმყოფებოდნენ. ნანა ლეჟავას თქმით, გადამღები ჯგუფი ახმეტაში ჩავიდა უკანონო ხე–ტყე გადამამუშავებელი საამქროს გადასაღებად. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი უკანონო საამქრო განთავსებულია ჭიჭიაშვილის სახლში და სწორედ ამ საამქროს გადაღების მიზნით მივიდა იქ გადამღები ჯგუფი, რასაც მოჰყვა მათი ცემა ჭიჭიაშვილების მხრიდან. გარდა იმისა, რომ ნაცემი არიან გადამღები ჯგუფის წევრები, დამტვრეულია მათი ვიდეოკამერაც, თუმცა მთელი ეს ინციდენტი ასახულია ვიდეოკასეტაზე, რომლის გადარჩენაც სტუდია GNS-ის გადამღებმა ჯგუფმა მოახერხა.

ნანა ლეჟავას თქმით, უკანონო ხე–ტყის საამქროების ფუნქციონირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს უკავშირდება და ამ სქემის თაობაზე სიუჟეტი სტუდია GNS-ის გადაცემა “კვირის რეპორტაჟისთვის” მზადდება.

დღეს კი კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოსიკო ჭიჭიაშვილს, რომლის სახლშიც არის ხე-ტყის საამქრო, კავშირი აქვს შს მინისტრის მოადგილესთან – გიორგი ლორთქიფანიძესთან და მის ძმასთან – დავით ლორთქიფანიძესთან, რომელიც კუდ–ის კახეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი