“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, გიგა ნასარიძის ორგანიზაციამ “საქართველო არ იყიდება” “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უსასყიდლოდ გადასცა ბიძინა ივანიშვილის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები. თავის მხრივ, პარტიამ აღნიშნული კლიპები სხვადასხვა ტელეარხზე მისთვის განკუთვნილ უფასო საეთერო მონაკვეთში გაუშვა.
“პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, იურიდიულ პირებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიისთვის ნებისმიერი სახის შემოწირულობის გაღება.
“გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება” არის იურიდიული პირი, მის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” უსასყიდლოდ გადაცემული ვიდეოკლიპები წარმოადგენს უკანონო შემოწირულებას და გარიგების მონაწილე მხარეთა მიმართ უნდა გატარდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანული კანონით გათვალისწინებული ზომები – მიღებული/გადაცემული ქონების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმება”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ დღეს, 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ნასარიძის ორგანიზაციის მიერ “ნაციონალური მოძრაობისთვის” კლიპების უსასყიდლოდ გადაცმას ადასტურებს თავად გიგა ნასარიძისა და “ნაცმოძრაობის” პრესსპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებებით, რომელიც მათ ტელეკომპანია “მაესტროსთან” საუბრისას გააკეთეს.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 18 აგვსიტოს პარტიის ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც პარტია აცხადებს მზაობას, დათანხმდეს გიგა ნასარიძის წინადადებას კლიპების უსასყიდლოდ მიწოდებაზე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველო არ იყიდება” წინადადებას – პოლიტიკურ პარტიებს უსასყიდლოდ გადასცეს პოლიტიკური შინაარსის სარეკლამო კლიპები.
ასევე მზაობას ვაცხადებთ, უზრუნველვყოთ ზემოხსენებული ორგანიზაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების გავრცელება კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მიმდინარე წელს კოალიცია “ქართული ოცნებისთვის” უკანონო შემოწირულობის განხორციელებისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ არაერთხელ დააჯარიმა სხვადასხვა კომპანიები, რომლის შედეგადაც ერთ–ერთი მათგანი, შპს “ბურჯი” გაკოტრდა და მისი ქონება აუქციონზე გაიყიდა.