საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დააყენებს თუ არა მოსამართლე ნანა დარასელიას დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის. უწყებას სწორედ ამ დროს ეწურება იმ საჩივრის განხილვის ვადა, რომელიც მოსამართლის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორგანიზაციამ “ახალგაზრდები სამართლიანობისთვის” შეიტანა.
აღნიშნულმა ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას, რომელიც პატიმართა ვადამდე ადრე გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავს. ორგანიზაცია “ახალგაზრდები სამართლიანობისათვის” საჩივრის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ აღნიშნულმა კომისიამ არ განიხილა უსინათლო პატიმრის განცხადება ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციამ მას სასამართლოში უჩივლა. თუმცა, როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მოსამართლე ნანა დარასელიას აღნიშნული საჩივარი 2 თვეში უნდა განეხილა, თუმცა, უკვე სამი თვეა გასული და საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამით ნანა დარასელიამ კანონი უხეშად დაარღვია.
მოსამართლედ მუშაობის 3 წლის განმავლობაში ნანა დარასელიამ არაერთ ოპოზიციონერ აქტივისტს დააკისრა როგორც ადმინისტრაციული პატიმრობა, ისე ფულადი ჯარიმები. გასამართლებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ მოსამართლე საქმეებს მიკერძოებულად განიხილავდა და ხშირად უარს ამბობდა მტკიცებულებების საქმისთვის დართვაზე.
2011 წლის მარტში თბილისში, სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევისთის სულ 7 პირი დააკავეს, რომელთა შორის იყვნენ “სახალხო კრების” წარმომადგენლები. ნანა დარასელიამ გვიან ღამით გამართულ პროცესზე გაიზიარა პოლიციელთა ჩვენებები და დაკავებულთაგან სამ პირს 10 და 20–20 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა, დანარჩენებს კი, 400–500– ლარიანი ჯარიმები.
400–ლარიანი ჯარიმა დააკისრა ნანა დარასელიამ “ქართული ოცნების” წევრ ლაშა ჩხარტიშვილს 2012 წლის თებერვალში. ლაშა ჩხარტიშვილი კიკვიძის ბაღში ხეების მოჭრას და ტერიტორიაზე პოლიციის შენობის აშენებას აპროტესტებდა, რა დროსაც ამოთხრილ ორმოში ჩავიდა, იქიდან კი სამართალდამცველებმა ამოიყვანეს და დააპატიმრეს. სასამართლო პროცესის შემდეგ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებდა, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად გამოიტანა, რადგან მან უარი თქვა, ენახა ვიდეომასალა, რომელიც დაადასტურებდა ჩხარტიშვილის უდანაშაულობას.
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც ნანა დარასელიამ განიხილა, გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულ გიორგი ბარათელს ეხება. პრესა.გე–ს ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა 2010 წელს სასჯელაღსრულების სამინსიტროსგან მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ციხეში იმყოფებოდნენ ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძისა და გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, რაზეც ჟურნალისტმა სამინისტროსგან უარი მიიღო. სწორედ აღნიშნული უარი გაასაჩივა ნინო მიქიაშვილმა სასამართლოში.
მოსამართლე ნანა დარასელიამ მისი სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ჟურნლაისტმა კვლავ ვერ მიიღო, რაც ზემდგომ ინსტანციებშიც გაასაჩივრა, მაგრამ უშედეგოდ.
ადვოკატებმა ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრეს ნანა დარასელიას მიერ 2012 წლის ივნისში გამოტანილი გადაწყვეტიელბა ბიძინა ივანიშვილის 22 მილიონით დაჯარიმების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დარასელიას გადაწყვეტილება შეცვალა და ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმა გაანახევრა. თუმცა სააპელაციო სასამართლმ უცვლელად დატოვა ასევე ნანა დარასელიას მიერ 2012 წლის აგვისტოში ივანიშვილის 21 მილიონამდე ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება.
ნანა დარასაელიამ 2012 წელს ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოიტანა. მან ივანიშვილის კომპანია “ელიტა ბურჯის” იურისტ იმედა ნიკურაძეს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 8 აგვისტოს 20–დღიანი ადმინსიტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
იმედა ნიკურაძე სამართალდამცავებმა 7 აგვისტოს, გვიან ღამით დააკავეს და მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლის მიხედვით წაუყენეს.
იმედა ნიკურაძის ადვოკატმა ალა კახნიაურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მოსამართლე ნანა დარასელიამ არ
გაითვალისწინა დაცვის მხარის არგუმენტები და გადაწყვეტილება ისე გამოიტანა. ადვოკატი ნანა დარასელიას ქმედებას უკანონოდ მიიჩნევს.
ნანა დარასელიამ მოსამართლის ფიცი 2007 წლის 16 ნოემბერს დადო და მუშაობა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაიწყო, ამჟამად კი ის თბილისის საქალაქო სასამართლოში ახორციელებს თავის უფლებამოსილებას.
ნანა დარასელიას შემოსავალი, 2012 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 2011 წელს 47 ათას 109 ლარი იყო, 2010 წელს – 46 140, 2009 წელს კი – 41 800 ლარი. კანონის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების ხელფასი თვეში 2300 ლარს შეადგენს.