38 წლის ბრიტანელ ანტონ უიკერმანს დიდ ბრიტანეთში ნიუკასლის სასამართლომ 4–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ინტერნეტ მეკობრეობისთის. უიკერმანი ფლობდა ვებგვერდს, რომელსაც დღეში 400 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა და სადაც არალელგალურად იყო განთავსებული ტელეშოუები და ფილმები, იტყობინება “გარდიანი”.
“გარდიანის” ცნობით, ანტონ უიკერმანი არის პირველი ბრიტანელი, რომელსაც ინტენრეტ მეკობრეობისთვის პატიმრობა მიესაჯა. უიკერმანმა 2007 წელს შექმნა ვებგვერდი surfthechannel.com, სადაც განთავსებული იყო ფილმებისა და ტელეშოუების როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ბმულები.
პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულმა მხოლოდ 2008 წელს საკუთარ ვებგვერდზე რეკლამების გაყიდვით 250 ათასი ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა, შემდეგ წყლებში კი ის სტაბილურად ყოველთვიურად 35 ათასი ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებდა. უიკერმანს ბრალი წაუყენეს საავტორო უფლების დარღვევის ხელშეწყობისთვის. მის მიმართ გამოტანილმა განაჩენმა კმაყოფილება გამოიწვია ტელეინდუსტრიისა და ფილმების მწარმოებლებში, რადგან ისინი უიკერმანის დასჯას აღიქვამენ როგორც სხვა მეკობრული საიტების მფლობელთა გაფრთხილებას. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ სასჯელს პრევენციული ხასიათი ექნება და სხვები მოერიდებიან საკუთარ ვებგვერდებზე არალეგალური პროდუქციის გადმოსაწერი ბმულების განთავსებას.
“გარდიანის” ერთ–ერთი მიმომხილველი წერს, რომ უიკერმანისთვის დაკისრებული სასჯელი არაადეკვატურია, რადგან ის აღემატება ძარცვისა და თავდასხმისთის დაკისრებულ საშუალო სასჯელს დიდ ბრიტანეთში.
მიმომხილველი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უიკერმანის წინააღმდეგ გამოძიება კერძო დეტექტივებმა ტელე–კინო ინდუსტრიის წარმომადგენლების დაკვეთით აწარმოეს, რომლებმაც სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ ბრალდებული საკუთარ ვებგვერდზე ანთავსებდა სხვადასხვა სერვერებზე ანონიმურად ატვირთულ, კონოთეატრებში ჯერ კიდევ არგამოსული ფილმების, ასევე, ტელეშოუების გადმოსაწერ ბმულებს. მიმომხილველი წერს, რომ “იუთუბზე” ათასობით ვიდეო არალეგალურადაა განთავსებული, გარდა ამისა, “გუგლის” საძიებო სისტემა თავისუფლად აჩვენებს ძიების შედეგებში პროდუქციის არალეგლურად გადმოსაწერ ბმულებს, თუმცა მათი დასჯა თავში აზრად არავის მოსდის.
მიმდინარე წელს აღნიშნული საქმე ინტერნეტ მეკობრეობასთან დაკავშირებით ერთ–ერთი ყველაზე ხმაურიანი გამოდგა მსოფლიო მასშტაბით. თუმცა არანაკლები რეზონანსი მოჰყვა 2012 წლის იანვარში, აშშ–ის შტატ ვირჯინიის მიერ გაცემული საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, საავტორო უფლებბების დარღვევისთვის ახალ ზელანდიაში ფაილების გაცვლის ერთ-ერთი უდიდესი სისტემის – Megaupload.com-ის ხელმძღვანელი პირების დააკავებას. მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები, ჯამში, მაქსიმალურ სასჯელად 45–წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება საქართველოს, ონლაინ მეკობრეობისთვის აქ ჯერჯერობით არავინ დაუპატიმრებიათ. ისეთ ვებგვერდებს, სადაც ასობით ფილმი და მუსიკა არალეგალურად არის განთავსებული, კომპანია “კავკაზუს ონლაინი” ოფიციალურად ფლობს. ვებსივრცეში ასევე ბლომადაა ქართული ვებგვერდები, რომლებიც მომხარებელს ფაილების არალეგალურად გადასაწერად ფულს ახდევინებენ, თუმცა მათ ჯერ სამართლებრივი პრობლემები არ შექმნიათ.
2011 წელს, როცა ფილმი “აგვისტოს 5 დღე” გამოვიდა, ის მალევე გავრცელდა ტორენტებისა და სხვადასხვა მეკობრული ვებგვერდების საშუალებით, თუმცა, პროექტის პროდიუსერების მოთხოვნით, ინტერნეტ პროვაიდერებმა ტორენტ საიტებზე წვდომა შეზღუდეს. აღნიშნულს უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან და “აგვისტოს 5 დღის” გავრცელება ვებსივრცეში ქაოტურად დაიწყო. მას შემდეგ, რაც ფილმის პროდიუსერები და ინტერენტ პროვაიდერები დარწმუნდნენ, რომ ამის გაკონტროლება შეუძლებებლი იყო, რამდენიმე დღეში შეზღუდვებიც მოიხსნა.