სამართალი

რის გამო აპირებენ ივანიშვილი და კალაძე ჯარიმების გადახდას

13 აგვისტო, 2012 • • 1412
რის გამო აპირებენ ივანიშვილი და კალაძე ჯარიმების გადახდას

აღნიშნულის შესახებ დღეს, 13 აგვისტოს “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

“არც კახი კალაძე და არც ბიძინა ივანიშვილი არ აპირებენ ამ ჯარიმების გადახდას. ეს იქნება გასაჩივრებული. იმისათვის, რომ შეიქმნას პრეცენდენტი და სამართლებრივი საფუძველი, რომ საერთაშორისო სასამართლოში მოხდეს გასაჩივრება. თქვენ იცით, რომ კახეთის სტიქიის ზარალი სახელმწიფოს მიერ შეფასებულია ბევრად უფრო მეტად. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ეს თანხები არის მობილიზებული სხვადასხვა გზით, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანხებს დაემატა ბიძინა ივანიშვილის 80 მილიონი გაუთვალისწნებელი თანხა ბიუჯეტში, არ მომხდარა კომპენსაციის გაცემა. ჩვენ ვამბობთ, რომ თუკი ეს თანხები არ არის საკმარისი, თუკი ხელისუფლებას არ აქვს საკმარისი თანხა ბიუჯეტში იმისათვის, რომ აანაზღაუროს ზარალი, ასეთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს მოსახლეობას, რათა მოხდეს ზარალის ანაზღაურების სრული შესაძლებლობა”, – განაცხადა ფანჯიკიძემ. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის სახით 21 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა. ხოლო კახი კალაძე 16 944 960 ლარით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, სტიქია კახეთში 19 ივლისის ღამეს ძლიერი ქარიშხლით დაიწყო. ქარიშხალს წვიმა და სეტყვა მოჰყვა.  ყველაზე მეტად თელავის და  გურჯაანის რაიონის სოფლების მოსახლეობა დაზარალდა.

ბიუჯეტში შესული ცვლილებების შემდეგ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 162,3 მილიონი ლარი გამოიყო, რომელიც ორი მიმართულებით დაიხარჯება: 50– მილიონი სტიქიური უბედურების შედეგად  მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად  გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსებას მოხმარდება. ფული დაიხარჯება როგორც კომპენსაციაზე, ისე  სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, 110 მილიონი ლარი კახეთის სარეაბილიტაციო პოგრამებზე დაიხარჯება. 2,3 მილიონი ლარი კი კახეთის რეგიონში, თვითმმართველობის ადგილობრივ ბიუჯეტებში გადაირიცხება.   

მასალების გადაბეჭდვის წესი