სამართალი

მორიგი სასამართლო 17–მილიონიანი ჯარიმით

10 აგვისტო, 2012 •
მორიგი სასამართლო  17–მილიონიანი ჯარიმით

მსგავსი გადაწყვეტილება კობა გოცირიძემ რამდენიმე კვირის წინაც გამოიტანა. მაშინ მან “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 126 მილიონი ლარით დაჯარიმა. აღნიშნული თანხა სააპელაციო სასამართლომ მოგვიანებით გაანახევრა. სწორედ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება დაასახელა კახი კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ იმ შუამდგომლობის საფუძვლად, რომელიც მოსამართლის აცილებას ისახავდა მიზნად. კობა გოცირიძემ კახი კალაძის საქმე არ აიცილა. შალვა თადუმაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ის ვერ შეძლებდა კალაძის საქმეზე მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანას, რადგან მსგავს საქმეზე მან გადაწყვეტილება სამართლებრივი ნორმის არასწორი ინტერპრეტაციით გამოიტანა. სწორედ კობა გოცირიძის მიერ დაკისრებული ჯარიმა გაუნახევრა ბიძინა ივანიშვილს სააპელაციო სასამართლომ, რადგან მიიჩნია, რომ მისთვის ამ ოდენობის ჯარიმის დაკისრება არასწორად მოხდა. 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კახი კალაძეს მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მოთხოვა 2012 წლის მანძილზე საკუთარი ანგარიშებიდან გატანილი 3 მილიონ  388 ათას 992 ლარის უკან, საკუთარ ანგარიშზე დაბრუნება. აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, კალაძემ აღნიშნული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა ვერ დაასაბუთა. აქედან გამომდინარე, მარეგულირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ კახი კალაძემ აღნიშნული თანხა სხვა ფიზიკურ პირებს გადაუნაწილა და შემოვლითი გზით გადარიცხა კოალიცია “ქართული ოცნების” ანგარიშზე. ადვოკატი შალვა თადუმაძე თხოვდა აუდიტის სამსახურის წარმოამდგენელ გიორგი ამირანაშვილს, წარმოედგინა თუნდაც ერთი მოწმე ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კახი კალაძის მიერ “ქართულ ოცნებაში” მსგავსი სქემით ფულით გადარიცხვას. ამირანაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ კახი კალაძის მიერ თანხის ანგარიშიდან გატანა ემთხვეოდა ფიზიკური პირების მიერ “ქართულ ოცნებაში” შემოწირულობის გადარიცხვას, თუმცა მან ერთი კონკრეტული ადამიანიც ვერ დაასახელა, ვინც ამას იტყოდა.

 

კახი კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურის მოთხოვნა არის უკანონო, რადგან ქართული კანონმდებლობა პირს არ ავალდებულებს, აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაში დახარჯა მან პირადი ანაგრიშიდან გამოტანილი ფული.  ადვოკატის თქმით, 2012 წლის მანძლზე კახი კალაძემ პირადად თავისი ანგარიშიდან ნაღდი ფულის სახით გაიტანა 213 ათასი აშშ დოლარი, დანარჩენი თანხა კი მინდობილობის საფუძველზე მისმა მამამ, კარლო კალაძემ გამოიტანა, რომელმაც თანხა ოჯახის საჭიროებისამებრ გამოიყენა. თადუმაძის მტკიცებით, კახი კალაძემ მამამისს ფული აჩუქა, ხოლო აუდიტის სამსახურს უფლება არა აქვს, კარლო კალაძის მიერ ფულის ხარჯვის მიზნობრიობით დაინტერესდეს.

 

აუდიტის სამსახურის წარმომადგნელის, გიორგი ამირანაშვილის მტკიცებით კი, კარლო კალაძე კახი კალაძის მიერ მინიჭებული მინდობილობის საფუძველზე მოქმედებდა კახი კალაძის სახელით და არა საკუთარი სახელით.  აუდიტის სამსახური ასევე საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ კახი კალაძემ 3 მილიონ ლარზე მეტი ნაღდ ფულად გამოიტანა ბანკიდან მაშინ, როცა მას “პროკრედიტ ბანკში” აღებული 400 ათას აშშ დოლარამდე ვალის გამო საურავები და ჯარიმები ყოველდღიურად ერიცხება.

 

კალაძის ადვოკატის ინფორმაციით, კახი კალაძის ქონება აჭარბებს 45 მილიონ ევროს და გასაკვრი არ უნდა იყოს, რომ მან 2012 წლის პირველი 8 თვის მანძილზე 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიტანა ანგარიშიდან და თავისი სურვილისამებრ დახარჯა. ადვოკატის თქმით, მას აქვს საშუალება, რომ საკუთარ თავს კალაძემ ამის უფლება მისცეს.

 

საბოლოოდ, მოსამართლე კობა გოცირიძემ გაიზიარა აუდიტის სამსახურის მოსაზრება და კალაძე დააჯარიმა 16 მილიონ 944 ათას 900 ლარით, ასევე დააყადაღა მისი ყველა ანგარიში ქართულ ბანკებში და ყველა უძრავ–მოძრავი ქონება. 

 

სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში იგივე ბედი ელის ბიძინა ივანიშვილსაც, რომელსაც აუდიტის სამსახურმა ასევე მოთხოვა 2012 წლის მანძილზე ანგარიშიდან გატანილი 5 მილიონამდე ლარის კვლავ მის ანგარიშზე დაბრუნება. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა კონტროლის პალატა აღნიშნულ საქმეზე სასამართლო დავას.  

 

დღეს თბილისი საქალაქო სასამართლოში, აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, დააჯარიმეს “ქართუ ბანკის” 7 თანამშრომელი, მათ შორის ბანკის ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი. აღნიშნულმა პირებმა ბანკში იძულებითი მმართველის მისვლის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლების სანაცვლოდ მიიღეს კომპენსაციები, თითოეულმა რამდენიმე ათასი. მათ აღნიშნული თანხა “ქართულ ოცნებას” შესწირეს. აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მათ აღნიშნული თანხის წარმომავლობა ვერ დაადასტურეს, რის გამოც სადავო თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი