სამართალი

აუდიტის სამსახური კალაძის დაჯარიმებასა და მისი ქონების დაყადაღებას ითხოვს

10 აგვისტო, 2012 • • 1190
აუდიტის სამსახური კალაძის დაჯარიმებასა და მისი ქონების დაყადაღებას ითხოვს

კახი კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აუდიტის სამსახური ითხოვს კახი კალაძის დაჯარიმებას იმ თანხის ხუთმაგი ოდენობით, რომელიც კალაძემ საკუთარი ანაგრიშიდან გაიტანა და რომლის დაბრუნებასაც მას აუდიტის სამსახური 9 აგვსიტოს ჩათვლით თხოვდა. 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 8 აგვისტოს განცხადების მიხედვით,  “2012 წლის განმავლობაში გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე სოლიდური თანხები გაიტანეს. დასახელებულ პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა გაანაღდა 5 მილიონ 552 ათას 135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ –3 მილიონ  388 ათას 992 ლარი.”

 

ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, მილიონობით ლარის ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით აუდიტის სამსახურის მიერ გაეგზავნათ წერილი, რათა წარმოედგინათ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს.

 

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ძირითად მიზანს წარმოადგენს დარღვევების პრევენცია და არა სანქციების გამოყენება. პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნებიდან გამომდინარე, გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ორივე ფიზიკურ პირს მიეცა წინადადება, დანიშნულების გარეშე, ნაღდი ფულის სახით, გატანილი სოლიდური თანხები დააბრუნონ საკუთარ პირად ანგარიშებზე,”- ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

“ქართული ოცნების” ადვოკატის, ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძვლები იმისა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასეთი მოთხოვნა წამოაყენოს, შესაბამისად, ბარამიძემ არ იცის, 9 აგვისტოს შემდეგ, რომელიც აუდიტის სამსახურმა ფულის დაბრუნების ბოლო ვადად განსაზღვრა, რა საქნციები შეიძლება აამოქმედოს ივანიშვილისა და კალაძის წინააღმდეგ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი