იმედა ნიკურაძე სამართალდამცავებმა 7 აგვისტოს, გვიან ღამით დააკავეს და მას ბრალი ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 173–ე მუხლის მიხედვით წაუყენეს.
შსს–მ 7 აგვსიტოს ნიკურაძის დაკავებამდე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც აღსრულების ბიურო შპს „ბურჯის” მიმართ აწარმოებდა მიმდინარე სააღსრულებო ღონისძიებებით გათვალისწინებულ ავტომანქანების ტრანსპორტირებას, რა დროსაც შპს „ბურჯის” ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ავტომანქანების ტრანსპორტირებისთვის ხელის შეშლის ფაქტს. პოლიციამ აღნიშნულზე გამოძიება დაიწყო.
იმედა ნიკურაძის ადვოკატმა ალა კახნიაურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მოსამართლე ნანა დარასელიამ არ გაითვალსიწინა დაცვის მხარის არგუმენტები და გადაწყვეტილება ისე გამოიტანა. გამომდინარე იქიდან, რომ კახნიაური აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს, მას უახლოეს პერიოდში ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
ალა კახნიაურის თქმით, 6 აგვისტოს იმედა ნიკურაძე შპს “ბურჯის” ტერიტორიის იმ ნაწილში იმყოფებოდა, რომელიც “ელიტა ბურჯს” ჰქონდა დაქირავებული, რა დროსაც კომპანიის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ აღსრულების ბიუროს უსაბუთო თანამშრომლები. ადვოკატის თქმით, აღსრულების ბიურო შპს “ბურჯში” კანონით 7 აგვისტოდან უნდა შესულიყო და არა 6 აგვსიტოს.
მოსამართლე ნანა დარასელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა მოსამართლედ მუშაობს 2010 წლის 6 აგვისტოდან. 2007 წლიდან 2010 წლამდე კი მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.
სწორედ ნანა დარასელიამ დააჯარიმა ბიძინა ივანიშვილი მიმდინარე წლის 11 ივნისს. მან კონტროლის პალატის მიერ უკანონო შემოწირულობად მიჩნეული თანხა – 2 მილიონ 242 ათასი ლარი გაამრავლა ხუთზე, შემდეგ ორზე და ბიძინა ივანიშვილი 22 მილიონ 429 ათას 941 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილის კომპანიებმა შპს ”ელიტა ბურჯმა” და ”ბურჯმა” პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” სიმბოლურ ფასად მიაქირავეს 239 ავტომობილი, სინამდვილეში კი ამ მომსახურების საბაზრო ღირებულება 2 მილიონ 242 ათასი ლარი იყო.