სამართალი

ეკა ბერიძის შვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

6 აგვისტო, 2012 •
ეკა ბერიძის შვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

ბექა ჯიბლაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე “ნეტგაზეთთან” საქმის მასალებში არსებულ შეუსაბამობაზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევა თბილისში, ვაკეში მდებარე ერთ–ერთ ბარში 2 აგვისტოს მოხდა. საქმის მასალებში წერია, რომ ბარში შესულ ორ ახალგაზრდა მამაკაცს შელაპარაკება მოუვიდა ბარის ერთ–ერთ თანამშრომელთან, რა დროსაც ბარის თანამშრომელი დაიჭრა.

 

შალვა თადუმაძის თქმით, პატრულის გამოძახების ოქმში წერია, რომ კონფლიქტში მონაწილე ერთ–ერთმა ახალგაზრდამ მინის ჭურჭლის გადანატეხით ჭრილობა სახისა და ფერდის არეში მიაყენა ბარის თანამშრომელს. თუმცა გამოძიების დაწყების დოკუმენტში წერია, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ბარის თანამშრომელს ჭრილობა დანით მიაყენა. 

 

ბექა ჯიბლაძის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არ დევს დანაშაულის იარაღი – ის დანა ან მინის ჭურჭელი, რომლითაც დაჭრეს ბარის თანამშრომელი. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ საქმის კვალიფიკიაცია განზრახ დამძიმდა. შალვა თადუმაძის მოსაზრებით, დაჭრილისთვის მიყენებული ჭრილობების სიმძიმე არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ ჭრილობას და, შესაბამისად, საფუძველი არ არსებობდა, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაწყებულიყო. გარდა ამისა, გამოძიება ვერ ჩამოყალიბდა, დაზარალებული დანით დაჭრეს, თუ მინის ჭურჭლის გადანატეხით.

 

“საეჭვოა თავად დანაშაულში ბრალდებულთა ამოცნობის მეთოდი. საქმის მასალების მიხედვით, სამართალდამცავებმა ბარში მომხდარ ინციდნეტში მონაწილეების ამოცნობა მოახდინეს ფოტოების საშუალებით. მათ ბარის თანამშრომლებს ანახეს ბექა ჯიბლაძის პასპორტის ფოტო, სადაც ის აღბეჭდილია 18 წლის ასაკში, ახლა ბექა 23 წლისაა და იმდროინდელისგან განსხვავებული გარეგნობა აქვს”, – განუცხადა შალვა თადუმაძემ “ნეტგაზეთს”.

 

ადვოკატის ცნობით, მას 3 აგვისტოს, შუადღისას დაუკავშირდა ბექა ჯიბლაძის ცოლი, რომელმაც უთხრა, რომ ბექას სჭირდებოდა ადვოკატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სახაზინო ადვოკატს დაუნიშნავდნენ.

 

“სამართალდამცავები 3 აგვისტოს დილით მივიდნენ ბექას სახლში, სადაც მას დახვდა ბექას მეუღლე. მათ იკითხეს ბექას ადგილსამყოფელი. ბექას ცოლმა უთხრა, რომ მან თავისი ქმრის ადგილსამყოფელი არ იცოდა, რადგან ბექამ საქართველო დატოვა. სამართალდამცავებმა ბექას ცოლს უთხრეს, თუ რაში ედებოდა ბექას ბრალი და თუ შუადღის 5 საათამდე არ გამოცხადდებოდა ადვოკატთან ერთად, მასზე ძებნას გამოაცხადებდნენ და სახაზინო ადვოკატს დაუნიშნავდნენ”, – იხსენებს შალვა თადუმაძე. 

 

ამის შემდეგ თადუმაძე სამართალდამცავებთან ბექა ჯიბლაძის ადვოკატის სტატუსით მივიდა და საქმის მასალებს 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:300 საათზე გაეცნო, იმავე დღეს, 18:00 საათზე კი სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც ბექას და მის მეგობარს 19 სექტემბრამდე წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

 

სამართალდამცავების მიერ დაკავებულ თარხან გასვიანს, რომელიც ბექა ჯიბლაძის მეგობარია, ბრალი მხოლოდ ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობისთვის წაუყენეს.

 

შალვა თადუმაძე ამბობს, რომ მან არ იცის ბექას ამჟამინდელი ადგილსამყოფელი, რადგან მან საქართველო 2 აგვისტოს, წითელი ხიდის გავლით, სრულიად კანონიერად დატოვა. ამ დროს მას  ბრალი  ჯერაც არ ჰქონდა წაყენებული.

 

“მე მასთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა მას ვერ დავარწმუნებ, რომ საქართველოში დაბრუნდეს, რადგან აქ მას უეჭველად ემუქრება პატიმრობა და შანსი იმისა, რომ პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოს, ნულის ტოლია. გარდა ამისა, ბრალის წაყენება და წინასწარი პატიმრობის შეფარდება 2 საათში მოხდა, არადა, სასამართლოსა და გამოძიებას ამისთვის 72 საათი ჰქონდათ და შეეძლოთ საქმის გარემოებები უკეთ შეესწავლათ,” – ამბობს ბექა ჯიბლაძის ადვოკატი.

 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 სექტმებერს გაიმართება.

 

ბექა ჯიბლაძის დედა – ეკა ბერიძე რამდენიმე კვირის წინ გადავიდა ტელეკომპანია “მე-9 არხზე” სამუშაოდ, რომლის დირექტორიც არის მისი მეუღლე – კახა ბექაური. 

მასალების გადაბეჭდვის წესი