სამართალი

50 ათასით დაჯარიმებული „ალია“ გაკოტრების საფრთხის წინაშე

1 აგვისტო, 2012 •
50 ათასით დაჯარიმებული „ალია“ გაკოტრების საფრთხის წინაშე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებმა მაია ბაქრაძემ და ვანო წიკლაურმა, მოსამართლე თეა სოხაშვილი–ნიკოლაიშვილის ხელმძღვანელობით, “ალია ჰოლდინგს” დააკისრეს სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გამოქვეყნება და ერთი თვის ვადაში ოთარ კობერიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 ათასი ლარის გადახდა.

 

აღნიშნულ პრეცენდენტულ გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან ჩადენილ ანგარიშსწორებად აფასებს გაზეთ “ალიას” რედაქტორი დიმიტრი ტიკარაძე. მისი თქმით, რედაქციას ამ ფულის გადახდის საშუალება არა აქვს და ისინი ბოლო წუთამდე, რედაქციის დახურვამდე იბრძოლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ტიკარაძეს სასამართლოსი არ სჯერა, ის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აუცილებლად აპირებს.

 

მსახიობმა ოთარ კობერიძემ “ალია ჰოლდინგს” რეპუტაციის შელახვისა და ცილისწამებისთვის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის შემოდგომაზე უჩივლა. კობერიძის ადვოკატის, ვახტანგ მაჭავარიანის თქმით, ამის მიზეზი 2011 წლის ზაფხულში გაზეთის რამდენიმე ნომერში გამოქვეყნებული სტატიები გახდა, სადაც ეწერა, რომ 1970–იან წლებში არასრულწოვანთა გარყვნისა და პედოფილიისთვის სასამართლომ ოთარ კობერიძე გაასამართლა. მაჭავარიანის თქმით, მან სააპელაციო სასამართლოში წარადგინა იმ დროს ერთ–ერთ საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის მასალები, რომლითაც დადასტურდა, რომ ამ საქმესთან ოთარ კობერიძეს არანაირი კავშირი არ ჰქონდა. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 2012 წლის მარტში არ დააკმაყოფილა ოთარ კობერიძის სარჩელი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა. 

 

“ალიას” რედაქტორის დიმიტრი ტიკარაძის თქმით, გაზეთის ხვალინდელ ნომერში აუცილებლად გაეცემა პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილებას და სტატიის ავტორი აუცილებლად განმარტავს კიდევ ერთხელ, რას შეეხებოდა ოთარ კობერიძეზე მომზადებული სტატია და რატომ არ არის ის ცილისწამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი