სამართალი

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საჩივრით შსს-ს მიმართა

9 ივლისი, 2012 •
ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საჩივრით შსს-ს მიმართა

მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. ჟურნალისტი შსს–სგან 2012 წლის 20 მაისს თიანეთის პოლიციის შესასვლელსა და მისაღებში დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერების მიწოდებას ითხოვს. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

 

”2012 წლის 22 მაისს მივმართე შსს-ს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მოვითხოვე შს სამინისტროში დაცული ჩემი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოწოდება. კერძოდ, 2012 წლის 20 მაისს თიანეთის პოლიციის შესასვლელსა და პირველივე დარბაზში არსებული ვიდეოთვალის ჩანაწერები. სამინისტროს 2012 წლის 28 მაისის წერილით უარი მეთქვა ამ ინფორმაციის მოწოდებაზე იმ მიზეზით, რომ „თიანეთის პოლიციის შენობის შესასვლელსა და პირველ დარბაზში დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კონტროლის კამარების ჩანაწერი არ წარმოადგენს თქვენს პერსონალურ მონაცემებს“. სამინისტროს პასუხში დადასტურებულია, რომ იგი ფლობს ჩემ შესახებ ჩანაწერს, თუმცა მას არ გასცემს იმ მიზეზით, რომ იგი არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს“, –  გელა მთივლიშვილის კომენტარს ავრცელებს მცხეთა მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში საინფორმაციო ცენტრს განუმარტეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, პირს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.

 

სრული ვერსია იხილეთ მცხეთა-მთიანეთის საინფრომაციო ცენტრის ვებგვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი