სამართალი

დაპატიმრებული მოზარდი თავისუფალია [Video]

1 ივნისი, 2012 •
დაპატიმრებული  მოზარდი თავისუფალია [Video]

 

სპეციალური განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს, 1 ივნისს გაავრცელა.

 

”გასული თვეების განმავლობაში მოზარდის მხრიდან დაფიქსირდა არაერთი ძალადობრივი ხასიათის ქმედება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ”მოზარდი” იყო არასრულწლოვანი და იმყოფებოდა აღრიცხვაზე შპს ,,თბილისის ა.გოცირიძის სახელობის ფსიქონევროლგიურ დისპანსერში’’, მის მიმართ არ დაწყებულა სიხლისსამართლებრივი დევნა, არ შეფარდებია აღკვეთი ღონისძიება და იგი გადაეცა მის მშობელს ***** – ს. სამწუხაროდ, მისი მხრიდან, განმეორდა ხულიგნობა, რომელსაც თან ახლდა ძალადობრივი ქმედებები,” -აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

 

უწყების ინფორმაციითვე, დანაშაულის ჩადენის ბოლო ფაქტის შემდეგ, საზოგადოების წევრების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცავმა სტრუქტურამ მიიღო გადაწყვეტილება სამედიცინო ექსპერტიზისათვის წარდგენის მიზნით, დროებით 15 წლის ბიჭისთვის შეეზღუდა თავისუფლება. პარალელურად, მიმართვა გაეგზავნა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, სამედიცინო ექსპერტიზის განხორციელებისათვის სათანადო ხარჯებისა და საექიმო პერსონალის გამოყოფის თაობაზე.

 

”ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების თავდებობით შეცვლის თაობაზე.

 

ამჟამად არასრულწლოვანი გათავისუფლებულია, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მის ფსიქიატრიულ მკურნალობას და საკუთარ თავზე იღებს მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებს,” – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

აღნიშნული განცხადების გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე 15 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის დაპატიმრება გააპროტესტა ათამდე უფლებადამცველმა ადამიანმა დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, იუსტიციის სამინისტროსთან.

 

აქცის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს მოზარდის პატიმრობიდან გათავისუფლება, რადგან, საექიმო დასკვნის მიხედვით, მას საკუთარი ქცევის კონტროლი არ შეულძია და, შესაბამისად, ვერ აცნობიერებდა, რომ მაღაზიიდან ლუდის ბოთლის მოპარვით კანონს არღვევდა.

 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაჩი ცაგურია აპირებს, რომ უახლოეს დღეებში მოსამართლე ნატო ხუჯაძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უჩივლოს და მისი დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. ცაგურიას თქმით, მოსამართლემ არ გაითვალისწინა, რომ დანაშაულში ბრალდებული მოზარდი შეზღუდული შესაძლებლობის იყო და ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქცევას.

 

ცაგურიამ ჟურნალისტებს ასევე გააცნო გოცირიძის ფსიქონევროლოგიური დისპანსერის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 15 წლის მოზარდი 2005 წლიდან აღრიცხვაზეა, რადგან მას აქვს გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა, ქცევის აშლით და მეტყველების დეფექტით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მაღაზიიდან ლუდის მოპარვის გამო.

 

ბავშვთა უფლებადამცველი მერი მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ამ მოზარდის დაპატიმრებით და ციხეში ჩასმით ბავშვთა კონვენციის არაერთი მუხლი დაირღვა, რადგან პატიმრობის მისჯისას არ იქნა გათვალისწინებული მისი ინტერესი.

 

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი 30 მაისს შეხვდა და ესაუბრა დაკავებულს. საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, უზრუნველყოს აღნიშნული მოზარდის შესაბამისი პროფილის დაწესებულებაში განთავსება, სრულწლოვანი პატიმრებისგან განცალკევებით, სადაც დაკმაყოფილებულ იქნება მისი ყველა საჭიროება.

 

აქცია იუსტიციის სამინისტროსთან
აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი