სამართალი

მოგელაძის არითმეტიკა და გვრიტიშვილის სამართალი

28 მაისი, 2012 • • 2429
მოგელაძის არითმეტიკა და გვრიტიშვილის სამართალი

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 28 მაისს, 13:00 საათზე დაიწყო, შუალედში ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდა, 18:00 საათზე კი ყველაფერი დასრულდა.  ”მენეჯმენტ სერვისის” ადვოკატებს ერთადერთი გამოსავალი დარჩათ – ზემდგომი ინსტანციები, რომლის შემდეგაც ისინი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებენ საჩივრის გაგზავნას.

კონტროლის პალატამ 14 მაისს 4 მლნ 760 ათასი ლარით დააჯარიმა კომპანია “მენეჯმენტ სერვისი”, რომელმაც “ქართული ოცნებისთვის” საქართველოს რეგიონებში 60-მდე ოფისი დაიქირავა და გაარემონტა.

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ექსპერტიზის  ეროვნული ბიუროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, საქართველოში საშუალოდ რა ჯდება 1კვ.მ ფართის გარემონტება. პასუხად მიიღო, რომ მინიმალური რემონტის ღირებულება 150 ლარია. კონტროლის პალატამ, დამატებითი ექსპერტიზის გარეშე, ეს თანხა გადაამრავლა “ქართული ოცნების” 22 ოფისის ფართზე (სადაც ჩატარდა რემონტი) და მიღებული თანხა – 476 ათასი ლარი– მიიჩნია კომპანიის მიერ “ქართული ოცნებისათვის” გაწეულ უკანონო შემოწირულობად და დააჯარიმა ათმაგი ოდენობით.

ადვოკატები – ეკა ბესელია და სანდრო ბარამიძე რამდენიმე საათის მანძილზე ამაოდ ითხოვდნენ მოსამართლე დიმიტრი

დიმიტრი გვრიტიშვილი
დიმიტრი გვრიტიშვილი

გვრიტიშვილისგან სასამართლო სხდომის 8 ივნისამდე გადადებას, რადგან 7 ივნისს ცნობილი გახდება კერძო ექსპერტიზის დასკვნა. კერძო ექსპერტიზის ბიურო “ვექტორმა” 7 ივნისამდე ხარჯთაღრიცხვისა და ადგილზე დათვალიერების საფუძველზე უნდა შეისწვალოს, რეალურად რა დაჯდა “ქართული ოცნების” 22 ოფისის რემონტი და შეესაბამება თუ არა ის კონტროლის პალატის მიერ დასახელებულ ციფრს– 476 ათას ლარს. ადვოკატებისვე თქმით, დაუშვეებლია, ჩატარებული სარემონტო სამუშაოები ზოგადი ციფრებით დაანგარიშება.

მოსამართლე გვრიტიშვილმა თქვა, რომ ეს ხარჯი ისედაც დასტურდება “მენეჯმენტ სერვისის” მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით, რომლის მიხედვითაც ეს რემონტი დაჯდა 154 ათასი ლარი. მოსამართლის თქმით, ესქპერტიზის დასკვნა რაიმე ახალ გარემოებას ვერ დაადასტურებს.

გარდა ამისა, კონტროლის პალატის წარმომადგენელმა სასამართლოზე წარმოადგინა კონტროლის პალატაში 14 მაისს გამართული სხდომის ოქმი, რა დროსაც დააჯარიმეს “მენეჯმენტ სერვისი”. აღიშნულ სხდომის ოქმს ადვოკატები 14 მაისიდან დღემდე უშედეგოდ ითხოვდნენ, კონტროლის პალატამ კი 48-გვერდიანი დოკუმენტი მხოლოდ დღეს წარმოადგინა სასამართლო სხდომაზე.

ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს ამ სხდომის აუდიოჩანაწერი, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ ადვოკატებს 1 საათი მისცა 48-გვერდიანი დოკუმენტის გასაცნობად. ეკა ბესელიამ და სანდრო ბარამიძემ ამისთვის დამატებითი დრო  და მოწმეებად იმ ადამიანების გამოძახებაც მოითხოვეს, რომლებიც ზედამხედველობას უწევდნენ სარემონტო სამუშაოებს “ქართული ოცნების” ოფისებში, თუმცა მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობები დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ ბესელიამ და ბარამიძემ გვრიტიშვილის აცილების საკითხი დააყენეს. ეკა ბესელიამ მოსამართლეს უწოდა არაობიქეტური, მიკერძოებული და იგი დაადანაშაულა ფორმალური სასამართლოს მოწყობაში. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და ბესელია გააფრთხილა, რომ სასამართლოსადმი მსგავსი შეფასებები არაკორექტული და უპატივცემულობის გამოხატვაა, რისთვისაც 50-დან 500 ლარამდე ჯარიმით ან დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა. ბესელიამ განაცხადა, რომ მას თავისი აზრის გამოხატვის სრული უფლება აქვს და ეს მუქარა მოსამართლის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებად შეაფასა, ასევე, ხელახლა გაიმეორა ის  სიტყვები, რითაც მოსამართლეს რამდენიმე წუთის წინ მიმართა და ხელმეორედ დააყენა მისი აცილების საკითხი, რასაც ბარამიძეც დაეთანხმა.

მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, თუმცა, არც სანქციები გამოუყენებია. მან სასამართლო პროცესი ერთი საათით გადადო მხარეებისთვის ოქმის გასაცნობად.

ერთსაათიანი შესვენების შემდეგ ”მენეჯმენტ სერვისის” ადვოკატებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ კონტროლის პალატაში შემდგარი სხდომის ოქმის მხოლოდ მესამედს გაეცნენ და სხდომის გადადება მინიმუმ 1 დღით მოითხოვეს, მაგრამ უშედეგოდ. ბარამიძემ და ბესელიამ განაცხადეს, რომ აღნიშნული ოქმი დამახინჯებულია, შელამაზებულია ნათია მოგელაძის ნათქვამი, ასევე,  შეცვლილია შინაარსი. მოსამართლე გვრიტიშვილმა ადვოკატების შენიშვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია.

კონტროლის პალატის ინტერესებს სასამართლოში ნათია მოგელაძის მოადგილე გიორგი ამირანაშვილი იცავდა, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ დააჯარიმა მაკონტროლებელმა ”მენჯმენტ სერვისი” 5 მილიონამდე ლარით.

მისი თქმით, ”მენეჯმენტს სერვისმა” ”ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიებისთვის დაიქირავა ოფისები საქართველოს რეგიონებში, მათ რემონტში დახარჯა ათასობით ლარი და შემდეგ თვითღირებულებაზე იაფად მიაქირავა ”ქართულ ოცნებას”.

კონტროლის პალატის შეფასებით, კომპანიის ქმედება არ იყო ბიზნესის პრინციპებით განპირობებული და  ის მიზნად ისახავდა პოლიტიკური კოალიციისთვის დახმარების გაწევას. საბოლოდ, კონტროლის პალატის შეფასებით, ”მენეჯმენტ სერვისმა”, ოფისების დაქირავებით, ”ქრთული ოცნების” სასარგებლოდ განახორციელა უკანონო შემოწირულობა 476 ათასი ლარის ოდენობით.

როდესაც ეკა ბესელიამ და სანდრო ბარამიძემ კონტროლის პალატის წარმომადგენელს თხოვეს წარმოედგინა, კონკრეტულად როგორ იზარალა ”მენეჯმენტ სერვისმა”,  გიორგი ამირანაშვილმა ანგარიში დაიწყო და კონკრეტულად გაიხსენა კასპის ”ქართული ოცნების” ოფისის მაგალითი.

ამირანაშვილის თქმით, ”მენეჯმენტ სერვისმა” კასპში ოფისი იქირავა, შემდეგ ის ”ქართულ ოცნებას” მიაქირავა 11 თვით, ამ გარიგებით კი კომპანიამ 9 706 ლარი იზარალა. გიორგი ამირანაშვილმა მოსამართლესა და მოწინააღმდეგე მხარეს უჩვენა ფურცელი და უთხრა, რომ ეს დაიანგარიშეს კონტროლის პალატის აუდიტორებმა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი საქმეში მტკიცებულებად არ იდო.

სანდრო ბარამიძემ მოითხოვა, რომ თუ ეს დოკუმენტი საქმეში არ იდო, მასზე სასამართლოს დრო არ დაეკარგა, რაზეც მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა:

-მას ეს შეუძლია!

ამის შემდეგ გიორგი ამირანაშვილმა კვლავ გააგრძელა კონტროლის პალატის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე და ”მენეჯმენტ სერვისის” ზარალზე საუაბრი.

ეკა ბესელიამ მოითხოვა ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე დაეანგარიშებინათ ”ქართული ოცნების” კასპის ოფისისთვის ”მენეჯმენტ სერვისის” მიერ დახარჯული ფული და მიღებული ზარალი თუ მოგება, რასაც მოსამართლეც დაეთანხმა. ციფრების დაანგარიშებას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა და მხარეების გარდა, ამ ციფრებს დარბაზში მყოფი ჟურნალისტებიც ითვლიდნენ.

აღმოჩნდა, რომ ”მენეჯმნეტ სერვისს” კასპში ოფისი ნაქირავები ჰქონდა 750 ლარად 11 თვის ვადით და ის ”ქართულ ოცნებას” მიაქირავა ამავე დროით. კოალიციას კომპანიისთვის პირველ თვეში უნდა გადაეხადა 1211 ლარი, ყოველ მომდევნო თვეს კი –2156 ლარი. გამოდის, რომ ”მენეჯმენტ სერვისმა” ოფისი იქირავა 8250 ლარად და გააქირავა 22 772 ლარად. შესაბამისად, მოგება ნახა 14 522 ლარი.

ადვოკატებმა იკითხეს, საიდან დაიანგარიშა კონტროლის პალატამ ”მენეჯმენტ სერვისის” 9 706 ლარის ზარალი, როცა კომპანიას ოფიციალური დოკუმენტებით მოგება აქვს 14 ათას ლარზე მეტი.  ამ კითხვას კონტროლის პალატის წარმომადგენელმა ვერ უპასუხა.

სიტუაციიდან გამოსავალი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა იპოვნა. მან მხარეებს განუცხადა, რომ გიორგი ამირანაშვილის მიერ ნახსენებ ზარალზე დოკუმენტი საქმეში არ იდო, შესაბამისად, მასზე მსჯელობა უნდა შეწყვეტილიყო.

მოსამართლემ ადვოკატების პოზიცია  არ გაიზიარა კონტროლის პალატის მიერ ”მენეჯმნეტ სერვისის” დაჯარიმების ოქმის  ხარვეზიანობასთან დაკავშირებითაც. გარდა ამისა, მან ეკა ბესელიას არ მისცა საბოლოო სიტყვის უფლება, რადგან მომჩივანისთვის გამოყოფილი 10 წუთი მეორე ადვოკატმა – სანდრო ბარამიძემ გამოიყენა.

ბესელიამ გაპროტესტება დააპირა და მოსამართლეს ჰკითხა, რატომ ეჩქარებოდა პროცესის 18:00 საათზე დასრულება, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება სწრაფად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ”მენეჯმენტ სერვისის” ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ მიკროფონი და ჩამწერი მოწყობილობა გამორთო, საათი კი ზუსტად 18:00–ს უჩვენებდა.

ეკა ბესელია და სანდრო ბარამიძე აცხადებენ, რომ ისინი ზემდგომ ინსტანციას მიმართავენ, რადგან ”მენეჯმენტ სერვისს” არანაირი აქტივი არ გააჩნია და ”ქართული ოცნების” 22 ოფისი დაყადაღების საფრთხის წინაშე დგას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი