სამართალი

5 დაკავებულს ცხინვალიდან უახლოეს ხანში გაათავისუფლებენ

25 მაისი, 2012 • 1250
5 დაკავებულს ცხინვალიდან უახლოეს ხანში გაათავისუფლებენ

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის  და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  და ქართული მხარის წარმომადგენლებს, პირველ რიგში, ის  აინტერესებდათ, ვინ იქნებოდა ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი.

 

როგორც ცნობილია, წინა შეხვედრაზე მერაბ ჩიგოევი შეხვედრის მონაწილეებს დაემშვიდობა და საქმიანობა დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გააგრძელა. ოსური დელეგაცია ერგნეთში ორ საგუშაგოს შორის მოწყობილ კარავთან დაგვიანებით გამოჩნდა. დელეგაციას წინ რობერტ გაზაევი მოუძღოდა, რომელიც მანამდე დელეგაციის რიგითი წევრი იყო. განსხვავება მხოლოდ ის გახლდათ, რომ გაზაევს სამხედრო ფორმის ნაცვლად კოსტიუმი ეცვა და ყელზე ჰალსტუხი ჰქონდა შებნეული. მისმა ჩაცმულობამ თითქოს ყველა დააბნია, რადგან ამ შეხვედრებზე ყოველთვის სამხედრო ფორმით ცხადდებოდა ხოლმე. მალე გაირკვა, რომ გაზაევი დროებით შეასრულებს დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობას.

 

ერგნეთის შეხვედრა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. მხარეები ბოლო პერიოდში დაკავებულთა გათავისუფლების საკითხზე სწრაფად შეთანხმდნენ. საჩხერის რაიონის 4 მცხოვრები, რომლებიც ჯონჯოლის საკრეფად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ და ერთი ერედვიდან დევნილი, რომელიც სოფელში დედის საფლავზე სანთელს ანთებდა, რუსმა მესაზღვრეებმა ორი დღის წინ დააკავეს. ამ ხუთ დაკავებულს ოსური მხარე მალე გაათავისუფლებს.

 

გარდა ამისა, გაგრძელდა მოლაპარაკება დანაღმულ ტერიტორიებზე გამნაღმველების შეშვების თაობაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქართულმა მხარემ ოსურ მხარესთან დაიწყო საუბარი ე.წ. გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებულ სახლებში, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობდა,  დევნილების დაბრუნებაზე.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის თქმით, პირველ ეტეპზე ხურველეთში დარჩენილ 3 სახლში მოხდება ოჯახების დაბრუნება.   

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებულ სოფელ ზარდიანთკარში დაახლოებით 25 ოჯახი დაბრუნებას ვერ ახერხებს იმის გამო, რომ სოფელი რუსულ საგუშაგოსთან ახლოს მდებარეობს და იქ უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. ამიტომ ზარდიანთკარელები სამ წელზე მეტია გორის საბავშვო ბაღებში ცხოვრობენ. 

 

შეხვედრის შედეგით კმაყოფილი ჩანდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი. მისი თქმით, პროგრესი თვალშისაცემია და მხარეები ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების გადაწყვეტას გაგებით ეკიდებიან. ტიშკევიჩმა პირველი კომენტარი აფხაზეთში მომხდარი ინციდენტის შესახებაც გააკეთა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იგი აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოაცხადა და გალის შეხვედრები ჩაშალა. ტიშკევიჩი მიიჩნევს, რომ დიალოგის აღდგენა და პრობლემების მოგვარება აუცილებელია.

 

ერგნეთში მომავალი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება, მანამდე კი მხარეები ჟენევის დისკუსიაზე შეხვდებიან ერთმანეთს, სავარაუდოდ, გალის შეხვედრების გაგრძელების საკითხი იქ გადაწყდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი