სამართალი

ჟურნალისტებზე ზეწოლის გამოუძიებელი ფაქტები [Video]

25 მაისი, 2012 • • 1249
ჟურნალისტებზე ზეწოლის გამოუძიებელი ფაქტები [Video]

ჟურნალისტები იუსტიციის სამინსიტროსგან მოითხოვენ, პროკურატურამ მათზე ზეწოლის ყველა ფაქტი გამოიძიოს და, შესაბამისად, დაისაჯონ დამნაშავენი. აქციის მიმდინარეობისას პროკურატურის შენობიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლის ყველა ფაქტი უნდა იქნას გამოძიებული.

საპროტესტო აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა მას საპროტესტო ბანერიც აჩუქეს წარწერით ”გამოიძიეთ ძალადობის ფაქტები!”, რის გამოც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა.

”ბოლო დროს მომხდარი ყველა ინციდენტის დროს  ჟურნალისტებს წაართვეს აპარატურა და ფოტო-ვიდოკამერიდან წაუშალეს გადაღებული მასალა. ეს, შეიძლება, ცალსახად დაკვალიფიცირდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლად,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, იურისტმა თამარ კორძაიამ. მისივე თქმით, ბოლო შემთხვევებში, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გარდა, გამოძიება შეიძლება დაიწყოს სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჟურნალისტთა ცემის ფაქტზე.

იურისტი მსგავს ფაქტებზე გამოძიების წარმოებისას ხელისუფლების ქმედებას ორმაგ სტანდარტად აფასებს და იხსენებს პატიმარ ვლადიმარ ვახანიას საქმეს.

”დღეს საქართველოში არსებობს პატიმარი ვლადიმერ ვახანია, რომელიც ციხეში სწორედ იმის გამო ჩასვეს, რომ მას ბრალი დასდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაში.  საქმის მასალების მიხედვით, მან ჟურნალისტი აიძულა, არ გაევრცელებინა წინა დღეს მასთან ჩაწერილი ინტერვიუ. თუ ამ შემთხვევაში ჟურნალისტის იძულება, წაეშალა ინტერვიუ, დაკვალიფიცირდა, როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, მაშინ ბოლო შემთხვევებიც ასე უნდა დაკვალიფიცირდეს,” – მიიჩნევს თამარ კორძაია.

საქმის მასალების მიხედვით, ვლადიმერ ვახანიამ 2009 წლის 13 თებერვალს ინტერვიუ მისცა გაზეთ  ”სამეგრელოს ქრონიკას”. ინტერვიუს შემდეგ ვახანია თავისი ნათესავის საშუალებით ჟურნალისტს ლელა ხუბულავას დაემუქრა და აუდიოჩანაწერის დაბრუნება მოსთხოვა. შემდეგ მასთან სახლში სტუმრად მისული ჟურნალისტი აიძულა, მისთვის გადაეცა კასეტა და დიქტოფონი, რითაც ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

”ხელისუფლება არაერთგვაროვნად აფასებს მოვლენებს და ის არ არის თანმიმდევრული თავის პოლიტიკაში და არ ასრულებს კანონს ისე, როგორც საჭიროა. დღეს სწორედ ეს განცდა აქვთ იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც აქცია გამართეს და სავსებით სამართლიანად ითხოვენ, თანაბრად დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ჟურნალისტებზე მოახდნენ ზეწოლას,” – ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი და აცხადებს, რომ ამ ფატქების გამოძიება ერთიორად მნიშვნელოვანია, რადგან ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებში სწორედ სამართალდამცავები ფიგურირებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 მაისს ზუგდიდის პროკურატურასთან, სადაც შსს-ის ცნობით, აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერება, დილიდანვე იმყოფებოდა “ნეტგაზეთის” რეპორტიორი, თუმცა მას ადგილზე გადაღების საშუალება არ მისცეს: მას ჯერ წაართვეს კამერა, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს, თუმცა, ამის მიუხედევად, გადაღების უფლება მაინც არ მისცეს. “ნეტგაზეთის” რეპორტიორის, ოთო დალაქიშვილის თქმით, მას ჟურნალისტურ საქმინობაში ხელს უშლიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი ადამიანები. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ადგილზე მყოფ პირებს შორის ზუგდიდის კუდ-ის უფროსი რუსლან შამახია ამოიცნეს. იმავე დღეს ზუგდიდში ვიდეოკამერის მეხსიერების ბარათი წაართვეს ინტერნეტგამოცემა ”ლაივპრესის” ჟურნალისტს თამარ ზანთარაიას.

ინტერნეტგამოცემა tspress.ge-ს ჟურნალისტ იზა სალაყაიას კი საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა 3 მაისს ფოთში ვიდეოკამერა და ჩანთა წაართვა, მოგვიანებით კი უკან დაუბრუნა. იმავე დღეს ქუთაისში, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებთან დახურულ შეხვედრას მართავდა შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერიძე ცემეს.

ადგილობრივი გაზეთის, “P.S.”-ის ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ მაშინ განაცხადა, რომ ის ოთხმა უცნობმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა ცემა და წაართვა აპარატურა, რომელიც მოგვიანებით ასევე უცნობმა პირმა დაუბრუნა.

მიმდინარე წლის 24 აპრილს პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა ყვარელში მუშაობის საშუალება არ მისცა ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ჟურნალისტს ნათია დანელიშვილს. რედაქციის ინფორმაციით, ნათია დანელიშვილი ახლად გახსნილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე შესვლას და შიგნით არსებული სიტუაცის გადაღებას პრეზიდენტის ვიზიტის დროს ცდილობდა, თუმცა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნათია ბანძელაძემ მას ”რუსთავი 2-ის” პირდაპირი ეთერისთვის ყურება და მასალის ამ გზით მომზადება ურჩია და ტერიტორიაზე არ შეუშვა.

სწორედ კახეთის, ასევე, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრების დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა განაცხადა, რომ 20 მაისს თიანეთის პოლიციის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის პოლიციის შენობას იღებდა. ჟურნალისტის განცხადებით, პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და წაუშალეს გადაღებული ვიდეომასალა. პოლიციამ აღნიშნული ფაქტი უარყო.

ჟურნალისტებზე ბოლო დროს განხორციელებული ზეწოლის ფატქების გამო კოალიციამ  „მედიის ადვოკატირებისათვის“ 24 მაისს მიმართა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან  არსებულ უწყებათაშორის კომისიას ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ზეწოლისა და ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

„უკანასკნელ პერიოდში გახშირდა ჟურნალისტების მიმართ ზეწოლისა და ძალადობის ფაქტები. ამის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს.

ამ ფაქტების საჯაროდ განხილვის დროს ცალსახად გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებები უშუალო კავშირშია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან. კოალიცია კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობა უარყოფით გავლენას იქონიებს წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე.

აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, უწყებათაშორისი კომისია უმოკლეს ვადებში შეხვდეს კოალიციის წარმომადგენლებს და განიხილოს ჟურნალისტებზე ზეწოლისა და ძალადობის ფაქტები,“ – წერია უწყებათაშორისო კომიისადმი გაგზავნილ კოალიცის მიმართვაში.

”ნეტგაზეთი” საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს პრესსამსახურისგან შეეცადა გაერკვია, ჟურნალისტებზე ზეწოლის ფატქებთან დაკავშირებით დაწყებულია თუ არა გამოძიება, თუმცა, 2 დღის მანძილზე პრესსამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება ვერ შევძელით.

მასალების გადაბეჭდვის წესი