სამართალი

აშშ საქართველოში ადამიანის უფლებებს აფასებს

24 მაისი, 2012 • • 1020
აშშ საქართველოში ადამიანის უფლებებს აფასებს

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი გასული წლის მანძილზე საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით სამ მნიშვნელოვან პრობლემას გამოყოფს: 1. ციხეებში პატიმრებზე ძლადობა და არასათანადო საცხოვრებელი გარემო 2. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და 3. ხელისუფლების ჩარევა, რაც ხელყოფს ადამიანთა გაერთიანების უფლებას, ასევე, მათი დაშინება.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ასევე ამახვილებს საპროტესტო აქციებისას, განსაკუთრებით კი 26 მაისის მიტინგის დაშლისას, პოლიციელთა მხრიდან ძალის გამოყენებაზე, ოპოზიციონერებზე ძალადობაზე, კერძო საკუთრების ხელყოფაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ  დაპატიმრებებზე.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს მიიღო მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც უზრუნველყო მედიამფლობელთა შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობა, თუმცა მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მრავალფეროვან ინფორმაციაზე მაინც შეზღუდულია. სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვირვებით, მაშინ, როცა მცირე მასშტაბის მედიასაშუალებები საზოგადოებას მრავალფეროვან ამბებს აწვდიან, 3 წამყვანი ტელეარხი კვლავ ხელისუფლების გავლენის ქვეშ რჩება.

 

მედიაზე ხელისუფლების პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენა კვლავ შეშფოთების საგნად რჩება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის.

 

დეპარტამენტის განცხადებით, არსებობს რამდენიმე დაუდასტურებელი ცნობა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს მკვლელობა.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ეხება 26 მაისის აქციის დაშლის შემდგომ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის სახურავზე ორი მამაკაცის გვამის პოვნას, რომლებიც, ექსპერტიზის დასკვნით, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპნენ, თუმცა, არსებობს ეჭვები, რომ მათი სიკვდილი პოლიციელთა ქმედებამ გამოიწვია.

 

2011 წლის ანგარიშში ასევე ნახსენებია 2011 წლის 2 ივნისს ერთი მოქალაქის გულის შეტევით გარდაცვალების ფაქტი. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ოჯახმა ეს ფაქტი აღნიშნული პიროვნების 26 მაისის აქციაზე გაზით მოწამვლას დაუკავშირა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების 2011 წლის ანგარიშში წერს სამხედრო ოფიცერ სერგო თეთრაძის  გარდაცვალებაზე. დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული პიროვნება შპიონაჟის ბრალდებით 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს, 23 სექტემბერს კი ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა, მიზეზად კარდიოლოგიური პრობლემა დასახელდა. თეთრაძის მეუღლემ კი განაცხადა, რომ გარდაცვლილს სხეულზე წამების კვალი ეტყობოდა.

 

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით ვრცლად საუბრობს ქართულ ციხეებში პატიმართა არასათანადო მოპყრობაზე, რაც წეამების ტოლფასია.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ყურადღება ეთმობა მედიის თავისუფლებას და ქვეყანაში არსებულ სარეკლამო ბაზარს. აღნიშნული მონაკვეთი ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მედიასარეკლამო ბაზრის კვლევაზე დაყრდნობით არის მომზადებული და აღნიშნულია, რომ  ეს სფერო ძირითადად მონოპოლიზებულია და დამოუკიდებელ ბეჭდურ მედიას უჭირს რეკლამის მოზიდვა. რაც შეეხება ტელემედიას, დეპარტამენტის შეფასებით, ქვეყანაში ინფორმაციის მთავარი წყარო პროსახელისუფლებო ტელევიზიები არიან.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტყიბულში მაღაროებზე მომხდარი ინციდენტებითა და ამ დროს გარდაცვლილი მაღაროელების დაღუპვის ფაქტით სრულდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი