სამართალი

”ევროვიზიასთან” დაკავშირებით აზერბაიჯანში 11 ადამიანი დააკავეს

23 მაისი, 2012 • • 1215
”ევროვიზიასთან” დაკავშირებით აზერბაიჯანში 11 ადამიანი დააკავეს

ანრი ჯოხაძე ”ევროვიზია 2012-ზე”
ანრი ჯოხაძე ”ევროვიზია 2012-ზე”

აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაიტში ”ევროვიზია 2012-ის” პირველ საკონკურსო დღეს 11 ადამიანი  დააკავეს, რომლებსაც ბრალად რადიკალური შინაარსის მასალების გავრცელება ედებათ. ამოღებული დოკუმენტაცია გაჯერებულია კონკურსის  საწინააღმდეგო ტექსტებით. ”ევროვიზია 2012” ბაქოში გუშინ, 22 მაისს დაიწყო და 26-ში დასრულდება.

 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი, ალი ალიევი ადგილობრივი მაღაზია ”ისლამის” მეპატრონეა. დაკავებულებს, ევროვიზიის საწინააღმდეგო ფოტო-ვიდეომასალის გარდა, რადიკალური ისლამის პროპაგანდისტული დოკუმენტებიც აღმოუჩინეს.

 

”ევროვიზიის” დაწყებამდე ირანელმა სასულიერო პირებმა აზერბაიჯანის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკეს აზერბაიჯანში ”ევროვიზიის” კონკურსის ჩატარების გამო, რადგან, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსის დასრულების შემდეგ ბაქოში გეიაღლუმი უნდა გამართულიყო. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გეიაღლუმის გამართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

 

ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, რადიკალური ისლამისტების ერთ-ერთ ვებგვერდზე გავრცლდა მიმართვა, რომლითაც ”ევროვიზია 2012 -ის” მონაწილეებს თავდასხმით ემუქრებოდნენ. საქართველოდან აღნიშნულ კონკურსში წელს მომღერალი ანრი ჯოხაძე მონაწილეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი