სამართალი

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმარი გააუპატიურეს

19 მაისი, 2012 • • 1670
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმარი გააუპატიურეს

დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს.

იურისტ ლადო მაჭარაშვილის თქმით, მათთან, ორგანიზაციაში რამდენიმე დღის წინ მივიდა 25 წლამდე მამაკაცის ყოფილი თანასაკნელი, რომელმაც მათ გადასცა ციხიდან გამოგზავნილი წერილი. წერილში, რომელიც 2012 წლის 24 თებერვლითაა დათარიღებული, ავტორის მიერ აღწერილია ცემისა და გაუპატიურების ფაქტი ციხის თანამშრომლების მხრიდან. როგორც ლადო მაჭარაშვილი ამბობს, პატიმარი მზადაა, რომ მისი ისტორია ცნობილი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის და უფლებადამცველებისთვის, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. წერილში, ასევე, ღიად წერია პატიმრის სახელი და გვარი. მიუხედავად ამისა, ”ნეტგაზეთი” მიზანშეუწონლად მიიჩნევს გაუპატიურების მსხვერპლის ვინაობის საჯაროდ გავრცელებას.

“მოგახსენებთ, რომ 24.02.12-ში ქსნის #15 დახურული ტიპის დაწესებულების თანამშრომლები აწარმოებდნენ საღამოს შემოვლას, შემოვლის დროს მე ***** -ს მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მათ ადმინისტრაციის შენობაში და მეც გავყევი. იქ მისვლისთანავე დაიწყეს ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, სიტყვიერი შეურაცყოფა და შემდეგ უკვე ფიზიკური შეურაცყოფა ანუ ცემა, რაც აქ იშვიათი რამ არ არის და ხშირად ხდება პატიმრების მიმართ, მაგრამ ამ ყველაფერს შეძლებისდაგვარად ვიტანთ იმის გამო, რომ აქაურ თანამშრომლებთან კონფროტაციის და რაიმე პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში აბსოლიტურად დაუცველად ვგრძნობთ თავს, მაგრამ ფაქტი, რომელიც ჩემს მიმართ ჩაიდინეს არანაირი ადამიანური ღირსების საზღვრებში არ თავსდება, კერძოდ: იქ მყოფმა პიროვნებებმა ამ არაადამიანური ცემის შემდეგ ე.წ. “დუბინკით” მოახდინეს ჩემი გაუპატიურება და თან დამემუქრნენ თუ ამ ამბავს გავახმაურებდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა და ვეღარ მიშველიდა ვეღარავინ… შემდეგ ისევ მცემეს რის შემდეგაც გავითიშე და რომ გამოვფხიზლდი უკვე გათენებული იყო, მე კი ისევ იმავე ოთახში, ე.წ “ ნარუჩნიკით’ გაბორკილი ვეგდე იატაკზე, შემდეგ გადამიყვანეს ე.წ. ზონის შენობაში და ჩამკეტეს მარტო იზოლირებულ საკანში. რამოდენიმე დღის შემდეგ, გადავწყვიტე მიმეყენებინა თვით დაზიანება იმ მიზნით, რომ როგორმე მომექცია ვინმეს ყურადღება, მაგრამ არც ამან გამოიღო არანაირი შედეგი და 16 დღე ვიმყოფებოდი აბსოლიტურ იზოლაციაში და უკიდურეს სასოწარკვეთილებაში,”- წერია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

”მოგახსენებთ, რომ ამ დაწესებულების მმართველებს ესენი არიან: ამ დაწესებულების დირექტორი შოთა თოლორდავა, ლევან ლეჟავა, გიორგი ფარჯანაძე და დიმა ჩხეიძე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში ამ პირობებში ამის გახმოვანება და გახმაურება, რასაც თქვენ გაცნობებთ არის თავგანწირვის ტოლფასი და ძალიან გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ყურადღება ჩემს მიმართ, რათა რაიმე იმედი და გარანტია მქონდეს ამ პიროვნებებისგან დასაცავად, რადგან ესენი რასაც დამემუქრნენ, არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს ამათთვის ამის სისრულეში მოყვანა და აქ შიგნითაც არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რაც ამათ შეაჩერებს და შესაბამისად მე დამიცავს ამ შემთხვევაში. მოგმართავთ თხოვნით, რომ ეს ამბავი ეცნობოს ყველა ადამიანის უფლებების დაცვის ადგილობრივ თუ საერთაშორისო, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მრჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ მივმართო უკიდურეს ზომას…”- ასე ასრულებს ციხიდან გამოგზვნილ წერილს ავტორი.

ადვოკატ ლადო მაჭარაშვილის თქმით, ის დღეს დილით ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე შეხვდა აღნიშნულ პატიმარს და მისგან მიიღო დასტური, რომ ციხიდან გამოგზავნილი წერილი ნამდვილად მისი დაწერილია და მას სურვილი აქვს, რომ უფლებადამცველები ჩაერთონ მის საქმეში, ასევე, ეს ამბავი გახმაურდეს მედიაში.

მაჭარაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ აღნიშნული პატიმარი თავის მოკვლას არ აპირებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. 

ორგანიზაცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” მოითხოვს, რომ წერილის ავტორი პატიმარი სასწრაფოდ გადაიყვანონ სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში და დაისაჯონ მასზე მოძალადე ციხის თანამშრომლები. ორგანიზაციის წარმომადგენელების თქმით, სახალხო დამცველის ოფისი უკვე საქმის კურსშია. 

სახალხო დამცველის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ომბუდსმენის ოფისმა პატიმრის გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით მიიღო და შესაბამისად, ამჟამად ისინი ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყოფებიან ადგილზე  სიტუაციის შესასწავლად. შესაბამისად, ომბუდსმენის ოფისის განცხადება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება სასჯელაღსურლების სამინისტროს, უწყების პრესსამსახური სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი