სამართალი

ამომრჩევლის მოსყიდვა, თუ უანგარო ქველმოქმედება

19 მაისი, 2012 • • 1672
ამომრჩევლის მოსყიდვა, თუ უანგარო ქველმოქმედება

რა კავშირი აქვს ”ქართულ ოცნებას” ახალშექმნილ ფონდთან, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე თანხით აპირებს და ცდილობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ ფორმით ამომრჩევლის მოსყიდვას?

”ჩვენი მიზანია სამართლებრივი, მორალური და ფინანსური დახმარება აღმოვუჩინოთ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლ თანამოქალაქეებს, მათ, ვისაც თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი არჩევანისთვის სახელმწიფო დევნის,” – ასეთი მიზნები აქვს საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგს”, რომელიც მიმდინარე წლის 30 აპრილს დაფუძნდა.

ფონდს 2004 წელს თბილისში პოლიციასთან შეტაკებისას დაღუპული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი ხელმძღვანელობს. ფონდის გამგეობის წევრები არიან: მარი ჯანაშია, ლევან გორდეზიანი  და კონსტანტინ ჯანდიერი.

როგორც დამფუძნებლები ამტკიცებენ, რომ პოლიტიკური დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ფონდი “ქომაგი“ დაზარალებულ მოქალაქეს გამოუყოფს ადვოკატს, აუნაზღაურებს მკურნალობის და სხვა ხარჯებს, მოახდენს წართმეული სოციალური შემწეობის და დაკარგული ხელფასის სრულ კომპენსაციას, პოლიტიკური პატიმრების ოჯახებს გამოუყოფს 1500-დან 5000 ლარამდე ყოველთვიურ დახმარებას, ოჯახის წევრთა საჭიროებებიდან გამომდინარე.

ია მეტრეველმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ჯერჯერობით ფონდის საქმიანობაზე დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის, თუმცა, მისი თქმით, ფონდს დააფინანსებენ ქართველი ემიგრანტები და ბიზნესმენები, რომელთა ვინაობა მალე გახდება ცნობილი. ია მეტრეველი კითხვებზე პასუხის გაცემას ხვალიდან, 15 მაისიდან აპირებს.

რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებისთვის, მათ შორის ”ნეტგაზეთისთვის”, გამოგზავნილ პრესრელიზში ფონდ ”ქომაგის” საბანკო ანგარიშის ნომრად მითითებულია შემდეგი: ”მიმღების დასახელება – საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქართუ“ ; ანგარიში –  GE80 TB79 2563 6080 1000 01”

რატომ აქვს დამოუკიდებელ ფონდ ”ქომაგს” ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდ ”ქართუს” ანგარიშის ნომერი და რა კავშირია მათ შორის, ამაზე ია მეტრეველი საუბარს უახლოეს დღეებში აპირებს. ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერისთვის, არჩილ კბილაშვილისთვის კი გაუგებარია,  როგორ შეიძლება ”ქომაგსა” და ”ქართუს” ერთი და იგივე საბანკო რეკვიზიტი ჰქონდეს. ის მიიჩნევს, რომ პრესრელიზის ავტორებს უბრალოდ რაღაც შეეშალათ.

”ქართული ოცნების” ”ქომაგთან” კავშირს უარყოფს სოზარ სუბარი:

”მე რამდენადაც ვიცი, ეს ფონდი აპირებს დაეხმაროს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და სამსახურიდან გაგდებულ ადამიანებს. ფონდს ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ,  რომლებიც არიან პოლიტიკური დევნილები და ისინი გადაწყვეტენ, ვის გაუწიონ დახმარება. ჩვენ ფონდთან ფინანსურად არანაირი კავშირი არ გვექნება”.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს გარკვეულ კითხვებს უჩენს წინასაარჩევნოდ ისეთი ფონდის შექმნა, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნილებს არა მხოლოდ ფინანსურად, გარკვეული სერვისით, მაგალითად, უფასო იურიდიული მომსახურებითაც დაეხმარება.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს კონტროლის პალატა უნდა დაინტერესდეს არა მხოლოდ ფონდ ”ქომაგით”, არამედ ხელისუფლების მიერ რუსთავში ცხვრისა და ღვინის დარიგების ფაქტითაც და ყველაფერი მიუკერძოებლად, ორმაგი სტანდარტის გარეშე გამოიძიოს.

თამარ ჩუგოშვილს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დადგინდეს კავშირი ”ქართულ ოცნებასა” და ფონდ ” ქომაგს” შორის. 

”თუკი დადასტურდა, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, მოქმედი კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიის გარდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ამომრჩეველსაც და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, აკრძალულია ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც გულისხმობს ფულადი სახსრების ან სხვა სერვისის მიწოდებას ამომრჩევლისთვის პოლიტიკური მიზნით, როგორც პირდაპირ, ისე – არაპირდაპირ,” – განმარტავს საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი.

”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი არჩილ კბილაშვილი, სოზარ სუბარის მსგავსად, კატეგორიულად უარყოფს ”ქართული ოცნების” კავშირს საქველმოქმედო ფონდ ”ქომაგთან”, თუმცა გარკვეულ განმარტებებს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მაინც აკეთებს. მისი განცხადებით, ფონდ ”ქომაგის” საქმიანობა არ შეიძლება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს.

”ექიმი, რომელიც ოპერაციას ჩაატარებს და პაციენტის კეთილგანწყობას მოიპოვებს, ხოლო თუ ეს ექიმი დეპუტატობის კანდიდატია, მაშინ ესეც შეიძლება მოსყიდვად ჩავთვალოთ,” – აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

”ფონდის ქმედება არის ორიენტირებული სახელმწიფოს უკანონო მოქმედებაზე, ანუ, თუ სახელმწიფო უკანონო  მოქმედებას არ ჩაიდენს, ფონდი გაჩერებულია. მოსყიდვა არის პირდაპირი განზრახვის აქტი. არ შეიძლება მოსყიდვა დაგემართოს, ის უნდა ჩაიფიქრო, განახორციელო. ამდენად, მოსყიდვას აქვს სუბიექტური მხარე – ამ დროს ფსიქოლოგიური დამოკიდებულება არის ის, რომ შენ უკანონობას იფიქრებ და მოგყავს სისრულეში. მოცემულ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს, შესაბამისად, ფონდი  მატერიალურ თანადგომას არ გაუწევს პირებს. ე.ი. მოსყიდვის განზრახვა არ არის, რადგან ეს დამოკიდებულია სხვის მოქმედებაზე – აი, ეს არის ძირითადი მომენტი, რომელიც მოსყიდვას გამორიცხავს,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა.

კბილაშვილის შეფასებით, კონტროლის პალატისათვის ვარაუდის აღძვრის და მოკვლევის დაწყების საფუძველი უნდა გახდეს კონკრეტული მტკიცებულება და არა ჟურნალისტის ინტერპრეტაცია. თუმცა ადვოკატი იქვე განმარტავს, რომ კონტროლის პალატა არ არის შეზღუდული და მას არანაირი წინაპირობა არ სჭირდება კონკრეტულ საკითხზე მოკვლევის დასაწყებად და იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ დაიწყო მოკვლევა. 

ია მეტრეველი, ფონდ ”ქომაგის” თავმჯდომარე, მიმდინარე წლის თებერვალში კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, შეხვედრაზე ია მეტრეველი ბიძინა ივანიშვილს შვილის გარდაცვალების გარემოებებზე ესაუბრა. გარდა ამისა, ია მეტრეველი ”ქართული ოცნების” ლიდერებთან სხვადასხვა შეხვედრებზე არაერთხელ გამოჩენილა და პოლიტიკური განცხადებებიც გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი