სამართალი

მერაბიშვილის ტყუილი

8 მაისი, 2012 • 1536
მერაბიშვილის ტყუილი
ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას იცრუა, როცა განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო სამი წლის მანძილზე პოლიციის იარაღიდან არავინ დაჭრილა და დაღუპულა. ”ბათუმელებმა” ბოლო სამი წლის მანძილზე მსგავსი მინიმუმ 4 ფაქტი მოიძია.

”საქართველოში ბოლო სამ წელიწადში არც ერთი კაცი არ დაჭრილა პოლიციელის ხელიდან გასროლილი იარაღით, ამიტომ  ჩვენი პოლიცია არის ყველაზე ნაკლებად შეიარაღებული პოლიცია და უნდა გითხრათ, რომ დღეს პრაქტიკულად ჩვენი პოლიციელების შეიარაღება მიმდინარეობს კომპიუტერებით,”  – ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა მიმდინარე წლის 26 აპრილს პარლამენტში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე ქართული პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობაც კი არავის გაუწევია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის არქივში ინახება ოფიციალური ინფორმაცია 2011 წლის 8 თებერვალს მომხდარი ინციდენტის შესახებ. ძებნილმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, ორმხრივი სროლისას  ძებნილი – ავთანდილ ბუცხრიკიძე გარდაიცვალა, პოლიციელი ემზარ კაშია – დაიჭრა. ბუცხრიკიძე 2004 წელს სამი პოლიციელისა და 2 მოქალაქის მკვლელობის გამო იძებნებოდა და მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

გასული წლის 4 იანვარს სამართალდამცავთა ტყვიას ორმხრივი სროლის შედეგად კიდევ ერთი ძებნილი – დავით ქადეიშვილი ემსხვერპლა.  პოლიციის ინფორმაციით, ქადეიშვილი სიკვდილამდე 1 თვით ადრე ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში ნათესავი ხურციძეების ოჯახს თავს დაესხა, მამა-შვილი თევდორე და ირაკლი ხურციძეები დახოცა, რძალი ქეთევან აშუბა და 10 თვის ბავშვი კი დაჭრა, თავად  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაკავებისას ქადეიშვილმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და საპასუხო ტყვიას ემსხვერპლა.

2009 წლის 21 მაისს პოლიციასთან შეტაკებას ემსხვერპლა კიდევ ერთი ძებნილი გია კრიალაშვილი, ლევან ამირიძე და კობა ოთანაძე კი სამართალდამცავებმა დაჭრის შემდეგ დააკავეს.

პოლიციის ცნობით, ასევე, გაქცევისას ორმხრივ სროლას ემსხვერპლა წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიას მკვიდრი ჯიმშერ მეგრელიძე. პოლიციის ცნობით, ის თანამზრახველებთან ერთად ერთ-ერთი ოჯახის დაყაჩაღებას გეგმავდა, თუმცა სამართალდამცავებმა წინასწარ ჩაატარეს სპეცოპერაცია, რაც ტრაგედიით დასრულდა.

ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში სამთავრობო საათზე ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში მოსახლეობის 87%-მდე ენდობა. რამდენიმე დღის წინ, IRI-ის კვლევის გაცნობის შემდეგ, შსს-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ შსს-ს რეიტინგი კვლავაც მაღალია, თუმცა ზუსტი ციფრი არ დაუკონკრეტებია.

“ვანო მერაბიშვილი ერთმანეთში ურევს პოლიციის რეიტინგსა და სამინისტროს რეიტინგს იმიტომ, რომ მოქალაქეებმა, რა თქმა უნდა, დადებითად მიიღეს ის ფაქტი, რომ ჩვენი საპატრულო პოლიცია ქუჩაში არ არის ისეთივე კორუმპირებული, რასაც შეჩვეული ვიყავით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს დამოკიდებულება და საზოგადოებრივი აზრი ვრცელდება მთლიანად  სამინისტროზე მაშინ, როცა გვაქვს ისეთი სტრუქტურები, როგორიც არის სოდი და კუდი, რომელიც საზოგადოებაში ტერორთან და ავტორიტარულ რეჟიმთან ასოცირდება,” – განუცხადა ”ბათუმელებს” ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელმა, იურისტმა ლია მუხაშავრიამ.

ლია მუხაშავრია ვანო მერბაიშვილის მიერ პოლიციის რეიტინგზე ყურადღების გამახვილებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ მინისტრი, ასევე, მანიპულირებს, როცა ამტკიცებს, რომ ბოლო 3 წლის მანძილზე პოლიციელის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღით არავინ დაშავებულა.

მუხაშავრიას აზრით, 2011 წლის 26 მაისს თბილისში, აქციის დაშლისას მოქალაქეებმა რეზინის ტყვიებით მიიღეს დაზიანებები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება ცეცხლნასროლ ჭრილობას. იურისტი ასევე იხსენებს გასულ წელს ხაშურის პოლიცის განყოფილებაში სოსო ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც, მუხაშავრიას აზრით, საფუძვლიანად არ გამოიძია ხელისუფლებამ.

ლია მუხაშავრია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილმა ბოლო სამი წელი 2004-05 წლის მოვლენებს შეადარა, როცა ქუჩაში, პირდაპირ ეთერში ტარდებოდა სპეცოპერაციები და ეჭვმიტანილებს ესროდნენ. იურისტის შეფასებით, მსგავსი ფაქტები ახლა ნამდვილად არ ხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ არსებობს.

ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელ დირექტორს, ნაზი ჯანეზაშვილს უკვირს, თუ როგორ აქვს შსს-ს 87%-იანი ნდობა მოსახლეობაში, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს გამოწვეულია წვრილმანი დანაშაულის კლებით:

”ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვისაც ეს პირადად შეეხო და ასევე, საზოგადოებამ, ძალიან კარგად იცის არაერთი საქმე, როდესაც პოლიციის მხრიდან მოხდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ჩვენს ორგანიზაციას აქვს არაერთი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელზეც ჩვენ ვდავობთ, რომ არ განხორციელდა ეფექტური გამოძიება. მაგალითად, სპეცოპერაციების საქმეები, როცა ორი ბიჭი მოკლეს სამგორის მეტროსთან 2009 წელს, ასევე, გვაქვს უმცირესობების საქმეები, კიდევ, ციხეში ნაცემი კაცი მიიყვანეს და არათუ ეფექტური გამოძიება, საერთოდ არ ჩატარებულა გამოძიება. ამიტომ, მე ძალიან მიკვირს, ეს რეიტინგი რის გამოა ასეთი მაღალი,”- განუცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა ”ბათუმლებს”.

იურისტის განცხადებით, დღევანდელი სამართალდამცავი სტრუქტურის მთავარი პრობლემაა, რომ ხშირად არ ტარდება გამოძიება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე, ან თუ იწყება გამოძიება, ის არასრულყოფილია და დამნაშავეთა გამოვლენით არ სრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი