სამართალი

პოლიციის დღის აღსანიშანვი აღლუმი გორში[ფოტო-ვიდეო]

6 მაისი, 2012 • • 1887
პოლიციის დღის აღსანიშანვი აღლუმი გორში[ფოტო-ვიდეო]

დღეს, 6 მაისს, გორში, ქართული პოლიციის დღის აღსანიშნავად აღლუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პოლიციის აღლუმი შუადღის 2 საათზე დაიწყო და ის რამდენიმე ტელეარხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ოფიციალური პირების გარდა, აღლუმს რიგითი გორელებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ღონისძიების სანახავად მცირეწოლოვან ბავშვებთან ერთად იყვნენ მოსულები.  

პოლიციის დღე საქართველოში უკვე მესამე წელია გიორგობას, 6 მაისს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღინშნება. შარშან პოლიციის აღლუმს ბათუმმა უმასპინძლა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის რეფორმისა და ზოგადად, სახელმწიფოს მშნებელობაში გაწეული წვლილისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილს წინ კიდევ დიდი გზა აქვს და ის ნამდვილად ღირსია, რომ საზოგადოების პატივისცემას იმსახურებდეს. ვანო მერაბიშვილის გარდა, სხვადასხვა სახის ჯილდოები გადაეცათ რიგით პოლიციელებსაც.

პრეზიდენტის მტკიცებით, ქართული პოლიცია ნეიტრალურია და მისი როლი ძალიან დიდია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მისი თქმით, პოლიციის ნეიტრალურობა არ ნიშნავს, რომ საფრთხის შემთხვევაში ისინი მზდ არ იქნებიან კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად.

მიხეილ სააკაშვილმა პოლიციის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა პოლიციის მაღალ რეიტინგს და ის პოლიტიკოსები გაკიცხა, რომლებიც ”ყაჩაღებს ძეგლებს უდგამენ” და კრიმინალებთან ბრძოლაში დაღუპულ პოლიციელებს არც ახსენებენ.

პოლიციის პროფესიული დღის აღსანიშნავ აღლუმზე სიტყვით არ გამოსულა თავად შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თუმცა, აღლუმის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო პრეზიდენტისგან მირებული ჯილდო – წმინდა გიორგის ორდენი.

”ნეტგაზეთი” შეეცადა ვანო მერაბიშვილისთვის დაესვა კითხვა 4-5 მაისს ქუთაისსა და ზუგდიდში ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა, მინისტრის დაცვის სამსახურმა კითხვა ბოლომდე არ დაგვასმევინა და არც მერაბიშვილმა მოისურვა კითხვის ბოლომდე მოსმენა.

პოლიციის აღლუმზე პოლიციის თანამშრომლები ჩამოსული იყვნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ქუთაისიდან და ზუგდიდიდან. აღლუმის რეპეტიცია გორში დილიდანვე დაიწყო, რის გამოც პოლიციელებს მზეზე ყოფნა რამდენიმე საათის მანძილზე მოუწიათ. აღლუმის მიმდინარეობისას, დაახლოებით ათამდე პოლიციელი შეუძლოდ გახდა, რამდენიმე მათგანს კი ექიმის დახმარებაც დასჭირდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები რედაქციის ოფისში როგორ შედიან და ჟურნალისტებს პოლიციის აღლუმის გადაღების შეწყვეტა სთხოვენ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ოფისი გორის ცენტრალურ მოედანს გადაჰყურებს და მისი აივნიდან აღლუმის გადაღება თავისუფლად შეიძლებოდა. დაცვის წევრები ვიდეომასალაში ამტკიცებენ, რომ რედაქციის აივნიდან აღლუმის გადაღებას პოლიციის პრესსამსახურის ნებართვა სჭირდებოდა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აღლუმამდე რამდენიმე დღით ადრე ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აღლუმის ფოტო-ვიდეო გადასაღებად აკრედიტაცია და სპეციალური ნებართვა საჭირო არ იყო. გორის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებს გადაადგილება შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომლებთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შეეძლოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი