სამართალი

სახალხო დამცველის რეკომენდაციები კონტროლის პალატას

1 მაისი, 2012 • 1136
სახალხო დამცველის რეკომენდაციები კონტროლის პალატას
გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

სახალხო დამცველი კონტროლის პალატას რეკომენდაციებით მიმართავს.

კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთათვის ახსნა–განმარტების ჩამორთმევის დროს “სახალხო  დამცველის  მიერ  დაფიქსირდა  არაერთი  კონკრეტული  უფლებადარღვევის ფაქტი, რომელთა  ნაწილი განპირობებულია საკანონმდებლო  ბაზის არასისტემატიზირებულობით, ხოლო ნაწილი უშუალოდ მოხელეთა კანონსაწინააღმდეგო ქცევით”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველმა საკითხთან დაკავშირებით კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს ოფიციალური წერილი გაუგზავნა.

გამოთხოვილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველმა კონკრეტული დარღვევები გამოავლინა:

ერთ–ერთ მთავარ პრობლემად დასახელებულია ახსნა–განმარტების მისაცემად დაბარებული პირების სტატუსის ბუნდოვანება. ასევე პირებს არ განემარტათ ის, რომ დაბარებული იყვნენ მოწმის სტატუსით.

“მიგვაჩნია,  რომ ნებისმიერი პირის მიმართ,  რომელიც შესაძლოა სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოს მიერ დაბარებული იქნას მოწმის სახით ახსნა-განმარტების მისაცემად, დაკმაყოფილებული უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ის მინიმალური სტანდარტები,  რომელიც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და იმ ადამიანის უფლებათა შესახებ არსებული საერთაშორისო შეთანხმებებით, რომლის მონაწილეც არის საქართველო.”, – აღნიშნულია განცხადებაში

ასევე აღნიშნულია ის, რომ პირები ახსნა–განმარტების მისაცემად არასამუშაო საათებში დაიბარეს. გართულებული იყო მათი შემოწმების პროცესი.

 
წერილში ასევე ნათქვამია, რომ საჯარო რეესტრის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული მასალა შეიცავდა კონკრეტული პირების ჯანმრთელობის, შემოსავლების და სხვა კერძო ინფორმაციას, რომელიც არ უნდა იყოს არავისთვის ხელმისაწვდომი პირის თანხმობის გარეშე.
საკითხთა შესწავლის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროცესის საჯაროობასა და მედიასაშუალებებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხს. სახალხო დამცველის მიერ კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებებისთვის შეზღუდული იყო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა:
“ჟურნალისტები სამართლიანად გამოთქვამდნენ პროტესტს იმასთან დაკავშირებით,  რომ იმ ადმინისტრაციულ შენობებში,  სადაც, როგორც წესი, ყოველგვარი დამატებითი ბარიერების გარეშე დაიშვებოდნენ,  კონკრეტული საქმის წარმოების დროს დაუწესდათ შეზღუდვები”, – ნათქვამია წერილში.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ დოკუმენტში ასახულ ფაქტებზე და რეკომენდაციებზე ყურადღება გამახვილდება და საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი