კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის წევრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია, დღეს, 30 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა თამაზ თამაზაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა–შენახვისა და ტარებისთვის ადანაშაულებს.
თამაზაშვილის ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, თამაზაშვილის საქმე შეთითხნილია.
“გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილი წაიკითხა მოსამართლე გიორგი არევაძემ. თამაზაშვილის საქმე არის შეთითხნილი და უხერხულია, როდესაც პოლიციის გენერალ–მაიორს ბრალად შეერაცხება და დამნაშავედ იქნება ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვაში, მითუმეტეს, რომ მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოზე იქნა წარმოდგენილი, თავისი სტანდარტებით ვერ უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარში ადვოკატი თადუმაძე.
მისივე განცხადებით, სასამართლო პროცესი რომ არაობიექტურად წარიმართა, ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ საქმეში მოწმეები იყვნენ პირები, რომლებიც ამ საქმეს იძიებდნენ.
“საქმეში მოწმეები იყვნენ პირები, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ გამომძიებლები. ბუნებრივია, ისინი თავიანთ წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდნენ. ისინი ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ სამსახურებრივად, საპროცესო ზედამხედველობით, ექვემდებარებიან პროკურორს. ამ შემთხვევაში პროკურორი არის ბრალდების მხარე, შესაბამისად, თქვენთვისაც ნათელია, როგორი ობიექტურობის ხარისხით მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი”, – განაცხადა ადვოკატმა თადუმაძემ.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ აპირებენ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
“ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ ზემდგომი ინსტაციის სასამართლოში. იმდენად სერიოზული დარღვევები იქნა სასამართლოზე გამოვლენილი, იმედი არსებობს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სადაც საქმეს სამი მოსმართლე განიხილავს, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერებასთან ახლოს იქნება”, – მიიჩნევს თადუმაძე.
დღესვე, კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოს დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ როდესაც ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, თამაზ თამაზაშვილი დაიჭერს ერთ–ერთ წამყვან პოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ედება.